
დიპლომატი და მწერალი გელა ჩარკვიანის ოფიციალურმა გვერდმა წიგნიდან „ნაგერალა“ ერთ-ერთი ნაწილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის თავის გარდაცვლილ მეუღლეზე ნანა თოიძეზე წერს.
„ოდესღაც ნანა, ეს უჩვეულოდ ლამაზი ქალი, იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ ეჭვებს, ზოგჯერ მტკივნეულსაც, ჩემს გულში თვითონ ნერგავდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა მას ქალ-ვაჟი უკვე შეეძინა და ვალმოხდილი, ერთგვარი მოლოდინითა და ინტერესით, მეტიც, სახიფათო ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა მომავალს. ეს ყველაზე არამყარი დროა ცოლქმრულ ურთიერთობებში – ციკლი დამთავრდა და ცვლილება თითქოს გარდუვალია. ამ დროს მოხდა ის, რაც, შესაძლოა, ათწლეულების შემდეგ ნანას უეცარი სიკვდილის მიზეზად იქცა. ტროტუარზე მდგარს მანქანა დაეჯახა. ხელ-ფეხის მოტეხილობასთან ერთად მას მუცლის აორტაც დაუზიანდა. ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ კვლავ შესძლებოდა ცეკვა, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა.
და მაინც ყველაზე დიდი ბოდიში ნანას იმისთვის უნდა მოვუხადო, რომ მოვესწარი მის სიკვდილს და დღესაც განვაგრძობ ცხოვრებას – იმავე დროს ვდგები, ვსაუზმობ, ვსადილობ, იმავე დროს ვიძინებ. თუმცა ვალიუმის აბს აღარ ვუყოფ, მთლიანად მე ვიღებ. მართალია, სიტყვით ჩვენ არასდროს შევპირებივართ ერთმანეთს, არ აგვიღია ვალდებულება მოგვეკლა თავი მეორის სიკვდილის გამო, მაგრამ ჩვენი გრძნობის სიმძაფრე, ვფიქრობ, ამას თავისთავად გულისხმობდა. ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევს, განსაკუთრებით, როცა ღამდება და მარტო ვრჩები. ცოცხლად დარჩენილების მიმართ პასუხისმგებლობას ვიმიზეზებ და მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, იმისათვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც გარიჟრაჟზე ნანა დამესიზმროს. ლამაზი ნანა, ერთი შეხედვით, დიდი ბავშვი იყო – ბავშვურად ეშმაკი და თავკერძა. ნებისყოფის ნატამალი არ გააჩნდა და არც მიიჩნევდა საჭიროდ, რომ ჰქონოდა. არათუ მომავალი სიკეთეების ხიბლით, სიკვდილის მუქარითაც ვერ ათქმევინებდი უარს მყისიერ სიამოვნებაზე.
ოჯახის ბიუჯეტის მართვას თუ ანდობდი, ერთი თვისას ერთ დღეში დაგიხარჯავდა. სიცოცხლის ბოლო თვეებშიც კი, დიდად შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, მზად იყო ნებისმიერ დროს წასულიყო სტუმრად. დაპატიჟების დრო და თარიღი ერთადერთი რამ იყო, რაც არ ავიწყდებოდა.
შეუმცდარად განასხვავებდა ბოროტსა და კეთილს, მტერსა და მოყვარეს. სიტყვაძუნწი იყო. მეგობრებთან ერთად სუფრასთან მჯდომს, შეეძლო სამი საათის განმავლობაში ერთხელ არ ამოეღო ხმა. ამიტომაც მის ბოლომდე ამოცნობას ვერავინ შესძლებდა და ვერც მე შევძელი ორმოცდათოთხმეტწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე