
თბილისის ძველ ეკლესიებს შორის, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ე.წ. ლურჯ მონასტერს, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება; სახელი "ლურჯი მონასტერი" კი ძველ ვერელებს შეურქმევიათ, გუმბათის ფერის გამო.
გადმოცემით, სოფელ ვერის ტერიტორიაზე იყო მამათა მონასტერი, რომელიც მეშვიდე საუკუნეში დაარსებულა, ძველი ეკლესიის ადგილზე მე-12 საუკუნეში კი ახალი ეკლესია აუგიათ. ტაძრის სამხრეთ კედელის კარზე დატანებულ ცხრასტრიქონიან წარწერაზე შემორჩენილი იყო ტაძრის აღმშენებელის სახელი. ის ქართლის ეპსიკოპოსის ბასილის ძმა ყოფილა.
ტაძარი მე-14 საუკუნეში სპარსელების შემოსევის დროს დაინგრა, რომელიც მე-16 საუკუნეში კლავ აღადგინეს. 1745 წელს ვახუშტი ბატონიშვილი ამ ეკლესიას წმინდა გიორგის სახელობის მონასტრად მოიხსენიებს და "ლურჯ მონასტერს" უწოდებს.
გიორგი მეთორმეტის მეფობის დროს თბილისში შავი ჭირი გაჩნდა. მეფის ბრძანებით სასწრაფოდ გაიხსნა საავადმყოფო ქალაქის "მყუდროდ დაცულ ადგილას" - ლურჯი მონასტრის ეზოში.
ლურჯი მონასტრის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის 1878 წლის 5 მაისის გაზეთ "დროებაში" გამოქვეყნებული სტატია.
"ტფილისის მარცხენა მხარეს, ვერისხევით მტკვრის ზემოდამ, ერთსა ტრიალსა და პატარა მინდორზე სდგას ერთი დიად მშვენიერი ძველი ქართული ეკლესია. ვახუშტი მოიხსენიებს თავის გეოგრაფიაში, რომ ვერის აქედამ არის ერთი წმინდა გიორგის მონასტერი და სცხოვრობს ერთი მღვდელი. როგორც გადმომცეს ვერელებმა, აქამდისინამ ეკლესიაში მართვებლობის განკარგულებით თოფის წამალი ინახებოდა. და ახლად აცალეს და სამლოცველოთი გადააკეთეს და რუსულით წირვა-ლოცვა დგებაო.
"თითონ ეკლესია იქნება სიგრძით ათი საჟენი, ქვითკირის დიდრონი კედლები ატანილი ჭერამდინ, ძირსაც ძველებური მშვენიერი დიდრონი ქართული აგური არის დაგებული. საკურთხეველი ბიზანტიურ სახეზეა გაკეთებული. წარწერები მარჯვენა მხარეს კარებთან შესავალში დაკარგულია. იმ ქვაზე ქორონიკონი უნდა ყოფილიყოს. მაგრამ უამისოდაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ეკლესია მეთერთმეტე საუკუნის დასასრულს არის აშენებელი. ბასილი ქართლის მთავარეპისკოპოზი მეთერთმეტე საუკუნეში ცხოვრობდა და ებარა "შვიდთა მთეულთაო". მის ძმას "ქართლის ცხოვრება" იხსენებს, რომ მტერზედ ატეხილი და მამულისთვის თავგადადებული კაცი იყოვო. ვახუშტიც ხომ იძახის მტკვრის ზეიმოდან არის ერთი ლურჯი მონასტერი და ცხოვრობს ერთი მღვდელიო, ეს მღვდელი უნდა იყოს ზაქარია გაბაშვილი, თფილისის სიონის დეკანოზი.
"დასავლეთის მხარის კედელში ერთი მარმარილოს ქვა ყოფილა, სადაც ქართულად წერილა, რომ ეს ეკლესია ამა და ამ საუკუნეში ამა და ამ მმართველთა მეფობის დროს აშენდაო. ეს ქვა გამოუღიათ, ქართული წარწერა წაუშლიათ და რუსულად დაუაღნიშულიათ, ევსევი ეგზარხოსის ბრძანებით, რომ ეს ეკლესია განახლდა საქართველოს ღირსი ევსევი ეგზარხოზის დროსაო," - წერდა გაზეთი "დროება".
საქმე იმაში იყო, რომ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მეფის რუსეთის ხელისუფლებამ ეკლესია დენთისა და ირაღის საწყობად აქცია. ვერის სასაფლაოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმა გრიგოლ ჭრელაშვილმა ინჟინერ ბოროხოლდის დახმარებით შეადგინა ეკლესიის აღდგენის გეგმა; თხოვნით მიმართა კავკასიის არმიის მთავარ შტაბს დაეცალათ ეკლესიის შენობა, რაზედაც უარი მიიღეს. 1871 წელს დიდი თხოვნის შემდეგ ეკლესია სასულიერო უწყებას გადასცეს. 1873 წელს არქიტექტორ ჩიჟოვის პროექტით აშენდა ახალი ეკლესია, რომელიც იოანე ღვთისმეტყველის სახელზე აკურთხეს.