
(რეზონანსი) თბილისის ზღვაზე მოკლული ახალგაზრდა ბიზნესმენის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს გარდა მკვლელობის ბრალდებისა, ბრალი დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებზე თავდასხმისთვის წარედგინა.
როგორც პროკურორმა დღევანდელ პროცესზე თქვა, კვიციანი დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებს თავს დაესხა.
კვიციანის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში მას ბრალდებული არ შეხვდა და გადასცა, რომ არცერთ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება.
„მასთან პენიტეცნიურ დაწესებულებაში გუშინ ვიყავი და არ შემხვდა. ბადრაგებს დააბარა, მან იცის ჩემი პოზიცია და გააგრძელოს საქმეო, - განაცხადა ღურწკაიამ.
პროკურორი ამბობს, რომ ბრალდებული დანაშაულებრივი ქმედებებისკენაა მიდრეკილი და გასათვალისწინებელია მისი უაღრესად აგრესიული და დაუნდობელი ხასათი, ასევე ის ფაქტი, რომ ბექა კვიციანი მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი.
ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმიშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღანი ძებნის შემდეგ დააკავეს.