თამარ შუკვანი
14.02.2020

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში აუცილებლად გაიმართება. ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენლები საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება. შესაბამისად, ევროსაბჭოს მინისტერიალს, სადაც რუსეთის დელეგაციაც მონაწილეობს, საქართველო 14-15 მაისში უმასპინძლებს. თუმცა, ოპოზიცია ამ დღისათვის ქუჩაში მასობრივი გამოსვლით იმუქრება და ამბობს, რომ „გავრილოვის ღამე" მონაგონი იქნება."

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თბილისში ჩამოსვლა სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ამ ფაქტის გასაპროტესტებლად ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვა.

„ეს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს თბილისში. სხვა შემთხვევაში ეს იქნება რუსეთის წინაშე კაპიტულაცია. გამოდის, რომ ანგარიშს ვუწევთ რუსეთს და ევროსაბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით საქართველო ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას თავისი ვალდებულებიდან გამომდინარე. მისი გადადება სტრასბურგში, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ამ სტრუქტურებში რუსეთი საქართველოს როლს ბლოკავს.

„რაც შეეხება ლავროვის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლის საკითხს, ის არის საქართველოს კანონდამრღვევი, ჩვენი ქართველი გმირების სისხლში აქვს ხელები გასვრილი და მთავრობის ყველაზე აქტიური წევრი იყო. პუტინი, მედვედევი და ლავროვი, - ეს არის ის სამი ადამიანი, რომლებიც აგვისტოს ომში შეიძლება გამოვაცხადოთ, როგორ დამნაშავეები. მას კონკრეტული კანონი აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ, როდესაც არაერთხელ იმყოფებოდა აფხაზეთში. საქართველოს კანონი უფრო მაღლა დგას, ამიტომ ავტორიტეტული შეკრება თბილისში არ უნდა იმართებოდეს.

„ლავროვის ჩამოსვლა, ეს იქნება საყოველთაო მღელვარების საგანი; ათეულ ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში. „გავრილოვის ღამე" იქნება მონაგონი. შედარებაც არ შეიძლება იმ დიდი პროტესტისა, რაც ლავროვთან დაკავშირებით საქართველოში წარმოიქმნება. ლავროვის შესაძლო ჩამოსვლა იქნება რუსეთის მხრიდან დაგეგმილი სერიოზული პროვოკაცია.

„ყველაფერი დემაგოგიაა, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ. მთავრობას მოუწევს სრული პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. ასე რომ, ასლან აბაშიძის სცენარისთვის მოემზადოს ხელისუფლება, თუკი საქართველოში ლავროვი შემოვა.

„საქართველოში ბევრჯერ ჩატარებულა სხვადასხვა ფორუმი, მათ შორის ეუთოსი, სადაც რუსი დეპუტატები იყვნენ, ვისაც კანონი არ დაურღვევია. რუსი პოლიტიკოსების ჩამოსვლა საქართველოში ყოველთვის არასასიამოვნოა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ არავითარი რეაქცია არ იქნება ჩვენი მხრიდან," - თქვა გოცირიძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თუ რუსეთი ევროსაბჭოს მინისტერიალზე ისეთ წარმომადგენელს გამოგზავნის, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, „ეს იქნება მიუღებელი და პროვოკაციულიც კი". მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ვალდებულებას შეასრულებს და კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო მჭიდრო კოორდინაციაშია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან მაისში დაგეგმილი მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო მინისტერიალის ორგანიზებას მოახდენს ევროპის საბჭოს წესდების თანახმად და ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×