თამარ შუკვანი
14.02.2020

 

იმ გარემოებამ, რომ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრა საბოლოო სარეკომენდაციო დოკუმენტის შემუშავების გარეშე დასრულდა, საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გაკეთდა განცხადებები, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის 20-წლიანი ისტორიაში ასეთი რამ არასდროს მომხდარა. თუმცა სინამდვილეში ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. იგივე მოხდა 2013 წლის თებერვალშიც. ოღონდ თუ ახალი სხდომა სტრასბურგში გაიმართა, 7 წლის წინ ეს ბრიუსელში მოხდა. ამასთანავე მაშინ, 2013-ში, ასოცირების შეთანხმებამდე ამ ფორმატს კოოპერაციის კომიტეტი ერქვა, ახლა კი ასოცირების კომიტეტის ჰქვია.

მაშინ ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ „ხანგრძლივი დებატებისა და ბევრი ცვლილების განხილვის თანა-თავმჯდომარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არც ერთ მხარეს უბრალო უმრავლესობის მიღწევა ვერ ხერხდება. პოლიტიკური უთანხმოება ძირითადად ეხება მიმდინარე სამართლებრივ პროცესებსა და გამოძიებებს, რამაც ერთობლივი ტექსტის მიღება შეუძლებელი გახადა."

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტმა საბოლოოდ სარეკომენდაციო დოკუმენტის მიღება მხოლოდ 2014 წელს მოახერხა.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი 1999 წელს შეიქმნა. კომიტეტი მიღებული შეთანხმებების შესრულების საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს და მოქმედებს როგორც ღია სადისკუსიო ფორუმი.

კომიტეტის მე-14 სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები - უმრავლესობიდან თინა ხიდაშელი, გია ვოლსკი და ვიქტორ დოლიძე იყვნენ, საპარლამენტო უმცირესობას კი გიორგი კანდელაკი და გიორგი ვაშაძე წარმოადგენდნენ.

„ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, რომელიც მაშინ შეხვედრაზე „ნაცმოძრაობას" წარმოადგენდა, „რეზონანსს" უთხრა, რომ ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით არსებობდა პრობლემები, თუმცა საბოლოოდ დასკვნითი დოკუმენტი ევროპარლამენტმა მიიღო.

„ასე ზუსტად არ მახსოვს. იქ იყო პრობლემები შინაარსთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამტკიცდა ეს როზულუცია. დეტალები ნამდვილად არ მახსოვს, თუმცა, რაიმე დიდი პრობლემა არ ყოფილა," - თქვა მან.

ალექსი პეტიაშვილმა კი, რომელიც მაშინ ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი იყო, აღნიშნული ფაქტი საერთოდ ვერ გაიხსენა.

„დოკუმენტის ჩავარდნა არ მახოვს. შეიძლება გადავადდა, მაგრამ ჩავარდნით არ ჩავარდნილა, მე ნამდვილად არ მახსენდება, მითუმეტეს ამ პერიოდში სახელმწიფო მინისტრი გახლდით. არ მახსოვს, რომ დოკუმენტი ჩავარდნილიყოს ევროპარლამენტთან თანამშრომლობის, ნამდვილად ვერ ვიხსნენებ.

„2013 წელს ასოცირების შეთანხმებაზე შევთანხმდით, ძალიან ბევრ რამეზე მივაღწიეთ შეთანხმებას. მაშინ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე იყო და ის გახლდათ პასუხისმგებელი ამ დოკუმენტისა და რეზოულიციის მიღებაზე. მახსოვს კიდევაც, ჩემი თანამონაწილეობით მოლაპარაკებები ამ კონკრეტულ რეზოლუციაზე, რომელიც გავიდა და არ ჩავარდნილა. იქ იყო თანამშრომლობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის," - განუცხადა პეტრიაშვილმა „რეზონასს."

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს დასკვნითი დოკუმენტის ვერ მიღება გამოიწვია ევროპის სახალხო პარტიის უშედეგო მცდელობამ, რომ ტექსტში შესულიყო შესწორება 8 თებერვალს თბილისში, ევროვნული ბიბლიოთეკის წინა განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ევროპის სახალხო პარტია, რომლის წევრიც „ნაციონალური მოძრაობა" იყო, ტექსტში იმის ხაზგასმას ცდილობდა, რომ „პრეზიდენტის (მიხეილ სააკაშვილი) და მისი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ეს თავდასხმები პოლიტიკურად მოტივირებული იყო". ამის შესახებ „რადიო თავისუფლების" მიერ 2013 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

ამავე სტატიაში თინათინ ხიდაშელმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა", ევროპის სახალხო პარტიიდან მომხრეთა გარკვეული ჯგუფის ხელშეწყობით, ცდილობდა, რომ „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით პოტენციურ მხარდამჭერებზე ზეწოლაში დაედანაშაულებინა.

თუმცა, მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა, საქართველოს დელეგაციის დიდი ნაწილის გარდა, მიუღებელი აღმოჩნდა, მაგალითად, „მწვანეებისთვის," „სოციალ-დემოკრატებისა" და ლიბერალებისთვის. თინა ხიდაშელი კმაყოფილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევა მაშინ უპრეცედენტო მარცხით დასრულდა.

პეტრიაშვილის შეფასებით 13 თებერვალს დასკვნითი რეზოლუციის ჩავარდას, საქართველოში, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ედო საფუძვლად. მისივე თქმით, ხელისუფლება არსებული სურათის შეფუთვას ცდილობს.

„ეს არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ქმედებების მიმართ დამოკიდებულება. არც ევროპელი და არც ამერიკელი მეგობრები უყურადღებოდ არ დატოვებენ იმ ვითარებას, რაც საქართველოშია. ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. პროკურატურის მიერ დახურული საქმეები ხელახლა შედის ისევ სასამართლოში. ამას არავინ მიიღებს ისე, როგორც მართლმსაჯულების აღსრულებად. ხელისუფლება შეფუთვას ცდილობს. როდესაც ყოფილი მთავარი პროკურორი იყო ადრე ბრალმდებელის როლში, მან მოსამართლის მანტიით გამოიტანა საბრალდებო განაჩენი გიგი უგულავას მიმართ.

„პოლიტიკურ ოპონენტებზე ზოწოლა, საარჩევნო სისტემის დაპირებული ცვლილების არ შესრულება და პოლარიზაცია, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკური ძალადობა და ა.შ. - ეს იწვევს ძალიან სერიოზულ შეშფოთებას ჩვენ პარტნიორებსა და მეგობრებში," - თქვა პეტრიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×