ტატა შოშიაშვილი
15.02.2020

„დიდი ხანია, რაც რუსები ითხოვენ ამ საკითხის მოგვარებას. თუ ქართულ მხარესთანაა ეს ნეშტი, არ მესმის რატომ არ გადასცემენ. ქართული მხარე მოგებულ პოზიციაში იქნება, თუ გადასცემს კოვენცოვის ნეშტს რუსეთს", - ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას რუსეთის განცხადებას, რომლის თანახმადაც ოფიციალური თბილისი მოსკოვს 2008 წლის ომის დროს დაღუპული სამხედრო მფრინავის ალექსანდრე კოვენცოვის ნეშტს არ გადასცემს.

ამ თემაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში პარასკევს მორიგი განცხადება გაკეთდა. კერძოდ, რუსული მხარესაქართველოსგან ბომბდამშენ „ტუ - 22მ3"-ის პილოტი, 37 წლის პოდპოლკოვნიკ ალექსანდრე კოვენცოვის ნეშტის გადაცემას მოითხოვს. მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ტარდებოდა სხვადასხვა ტესტები, ხდებოდა საფლავების ექსგუმაცია კოვენცოვის იდენტიფიცირებისთვის, მისი მოძებნა დღემდე ვერ მოხერხდა.

ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის საართველო-რუსეთის ომში 64 რუს სამხდრო დაიღუპა და 2 კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათ შორისაა კოვენცოვიც, რომლის თვითმფრინავიც ომის პირველ დღეებში ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამშობლოს დაცვისას დაღუპულებისთვის ხსოვნის მიგების დეპარტამენტის უფორისის მოადგილე ანდრეი ტარანოვი აცხადებს, რომ საქართელოდან რამდენიმე ნეშტი გაიგზავნა, თუმცა კოვენცოვის არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა:

„ნეშტები, რომელიც დნმ-ის იდენტიფიცირებისთვის გადმოგვეცა, არ დაემთხვა", - ამბობს ტარანოვი.

ომის დროს ტყვეებთან, დაკარგულებთან და გადასახლებულებთან დაკავშირებული ამერიკულ-რუსული კომისიის, რუსული ნაწილის წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ალექსანდრე კირილინი „მოსკოვსკი კომსომოლეცთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ თავდაპირველად დაკარგულად 22 ადამიანი ითვლებოდა, თუმცა მათი რიცხვი მალევე შემცირდა და 2008 წლის შემდეგ 2 ადამიანს ეძებენ, მათ შორის კოვენცოვს.

ცნობისთვის, საქართველს მხრიდან 2008 წლის ომს 412 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 170 სამხედრო და პოლიციელი იყო, ხოლო 228 მშვიდობიანი მოქალაქე. 1747 ადამიანი დაჭრილი იყო და 24 დაკარგულად ითვლება.

რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, 2008 წლის ომის დროს 164 ადამიანი დაიღუპა.

კირილინის თქმით, რუსეთმა აშშ-საც მიმართა ნეშტის მოძიების თხოვნით, რის შემდეგაც დაიწყო თანამშრომლობა კოვენცოვის ნეშტის საპოვნელად:

„მაშინ თბილისი ამოქმედდა. რამდენიმე საფლავის ექსგუმაციაც ჩატარდა, გენეტიკური ექსპერტზისთვის საჭირო მასალასაც იღებდნენ და ჩვენ გადმოგვცეს. ჩვენთან ჩავატარეთ ექსპერტიზა, თუმცა, კვლევებმა ისევ აჩვენა, რომ ეს ის ხალხი არ იყო", - თქვა „მოსკოვსკი კომსომოლეცთან" 2 წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუში ალექსანდრე კირილინმა.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ კოვენცოვის ნეშტის საკითხთან დაკავშირებით განმარტება სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, რადგან გაურკვეველია, რატომ ვერ ხერხდება დღემდე ამ პრობლემის მოგვარება:

„დიდი ხანია, რაც რუსები ითხოვენ ამ საკითხის მოგვარებას, მაგრამ მიზეზი რა არის და რატომ არ გადასცემენ - არ ვიცი. ალბათ უნდა არსებობდეს ამისთვის გარკვეული საფუძველი, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა განმარტოს ეს საკითი. მეგონა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეს საკითხი მოგვარდებოდა", - თქვა ზაქარეიშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი „რეზონანსთან" საუბრისას დასძენს, რომ იმ შემთვევაში თუ კოვენცოვი ნაპოვნია, უმჯობესი იქნება, რომ საქართველომ რუსეთს გადასცეს მისი ნეშტი - მოგეპულ პოზიციაში იქნება, ამ შემთვევაში:

„თუ ქართულ მხარესთანაა ეს ნეშტი, არ მესმის რატომ არ გადასცემენ. მგონია, რომ უნდა გადასცენ, რადგან არანაირი პოლიტიკური საკითხი არ არ არის, პირიქით, ქართული მხარე მოგებულ პოზიციაში იქნება, თუ გადასცემს კოვენცოვის ნეშტს რუსეთს", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×