თამთა ჩაჩანიძე
15.02.2020

„ჯერ ვნახოთ საერთაშორისო კრიტიკიდან გამომდინარე ამ შიშის ფონზე რაიმეს დათმობენ თუ არა და რას დათმობენ, მაგრამ ჩვენ ძალიან დარწმუნებული ვართ და მოქალაქეების ნებაც იმაშია, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მომავალი ნებისმიერი კონფიგურაციით დამთავრდეს. თუმცა, ვნახოთ თებერვლის ბოლომდე მოვლენები როგორ განვითარდება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება თებერვლის ბოლომდე უნდა იქნეს მიღეული. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის დრო აღარ დარჩება და საპარლამენტო არჩევნები დღეს მოქმედი სისტემით ჩატარდება.

დეკანოიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნებისვე" ჩატარებული კვლევებითაც, საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, მისი თქმით,

სწორედ ამაზეა აგებული მმართველი პარტიის „პროპაგანდა და ისტერიკაც".

„თავიდანვე გასაგები იყო, რომ ივანიშვილმა ღილაკზე თითის დაჭერით მოლაპარაკებების პროცესი მოკლა. თავისთავად ცხადია, რომ ეს ზუსტად იმის წინაპირობა და საბოლოო წითელი ხაზი იყო, რომ ხელისუფლება არაფერს არ აპირებდა.

„ბიძინა ივანიშვილი ყველა კონფიგურაციით დამარცხებულია. ზოგადად, მისი პოლიტიკური მომავალი აღარ არსებობს, აღარც მისი ასე ვთქვათ პარტიის ერთობაა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ერთიან კონსულტაციას და ერთობას, მათ შორის კონსულტაციებს საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზეც. 4 აპრილს მაჟორიტარული კანდიდატებისა და ასევე სამოქმედო გეგმის წარდგენით დიდი აქცია იქნება.

„ნებისმიერი კონფიგურაციით ივანიშვილის პოლიტიკური მომავალი არ არსებობს. მათ შორის სწორედ ის კვლევები, რომელსაც „ქართული ოცნება" ატარებს, ამას მოწმობს, სწორედ ამაზეა აგებული ის პროპაგანდა და ისტერიკაც და იციან, რომ „ოცნება" არათუ უმრავლესობით მოვა, არამედ, მაგალითად, 25%-ზე მეტს ვერც კი მოიპოვებს, სწორედ ამიტომ იყო, 100/50 რომ შემოგვთავაზეს. ეს ციფრები დათვლილი ჰქონდათ, რომ უმცირესი მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობა დაეკომპლექტებინათ", - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემისთვის ოპოზიცია ბოლომდე იბრძოლებს და თებერვლის ბოლოს დაელოდება.

„არჩევნებში მონაწილეობას რაც შეეხება, ჯერ ჩვენ ვაპირებთ, რომ იყოს ბრძოლა პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემისთვის. კობახიძე და „ქართული ოცნება" რას ამბობს ივანიშვილის დავალებით - ეს ერთია. ვიცით, რომ ამ ადამიანებს არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვთ.

„გულწრფელად რომ გითხრათ, მგონია, რომ ივანიშვილი კრიტიკის ფონზე ძალიან შეშინებულია, ამას მოწმობს გამოუცდელი არაპოლიტიკური ფიგურების ვიზიტები ბრიუსელში და სტრასბურგში, ამას მოწმობს ისტერიულად დაქირავებული უამრავი ლობისტური კომპანიაც.

„ფაქტია, რომ ივანიშვილი შეშინებულია. იგი საერთაშორისო იზოლაციაშია.

ასევე ძალიან გააქტიურებულია დასავლეთიდან ის შეშფოთება, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში სასამართლო და მართლმსაჯულება პოლიტიკური დევნის მთავარ იარაღად გამოიყენება. ვფიქრობ, სწორედ მისი შიშის გამოვლინებაა ისიც, რომ მან მოგვიწოდა მოლაპარაკების მაგიდასთან ისევ დავმსხდარვიყავით.

„თუ ახლა ივანიშვილი არაფერს არ დათმობს, ეს მისთვის უფრო ცუდი იქნება. მხოლოდ ორი სცენარია: 1) ხელისუფლების მშვიდობიანად წასვლა; 2) მძიმე მაგალითი პლახოტნიუკის სცენარისა, რომელიც ზუსტად ასეთივე წერილებით დაიწყო და როგორ დასრულდა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით.

„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ ვნახოთ საერთაშორისო კრიტიკიდან გამომდინარე ამ შიშის ფონზე რაიმეს დათმობენ თუ არა და რას დათმობენ. მაგრამ ჩვენ ძალიან დარწმუნებული ვართ და მოქალაქეების ნებაცაა, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მომავალი ნებისმიერი კონფიგურაციით დამთავრდეს. თუმცა, ვნახოთ თებერვლის ბოლომდე მოვლენები როგორ განვითარდება", - განაცხადა დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×