
სააგენტო „ბლუმბერგის" სტატიაში სახელწოდებით „საქართველოს ჩრდილოვანმა ბოსმა, ვაშინგტონში ახალი ლობისტი დაიქირავა", საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რევაზ არველაძისთვის გაუგებარია სტატიის ავტორი რას გულისხმობს. მან „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მმართველ პოლიტიკურ ძალაზე არაერთი თავდასხმის გამო, მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ" ვაშინგტონში ლობისტი კომპანიები დაიქირაოს.
„ეს არის ადამიანი (ბიძინა ივანიშვილი), რომელიც სახელისუფლებო პარტიას ხელმძღვანელობს და მგონია, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, ბევრი რაღაც დალაგდა. ჩრდილოვანი აღარ არის ბევრი რაღაც და უმეტესწილად პოზიტიურად დავახასიათებდი, მაგრამ ცხადია, ძალიან ბევრი ხელშემშლელი პირობები არსებობს. არ ვიცი, „ბლუმბერგი" რას გულისხმობს.
„იმდენად არასწორი ბრძოლა მიმდინარეობს „ქართული ოცნების" წინააღმდეგ, საჭიროა, რომ იყვნენ ლობისტები, ისეთი გამოცდილი ხალხი, რომელიც ჰყავს თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობას". ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ სახელმწიფოში სიტუაცია აირიოს იმისათვის, რომ მათთვის საუკეთესო გამოდგეს, ხალხი „ქართული ოცნების" წინააღმდეგ წავიდეს.
„საარჩევნო წელიწადია და უფრო გაძლიერდება ეს. როდესაც ასეთი მოწინააღმდეგე გყავს, ცხადია შენც უნდა გყავდეს, როგორც ლობისტები, ასევე პიარტექნოლოგიების კარგი მცოდნე იმისათვის, რომ ხალხმა ნახოს რეალურად ვის შეუძლია ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს," - განუცხადა არველაძემ „რეზონასს."
ცნობისათვის, 14 თებერვალს „ბლუმბერგმა" სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით „საქართველოს ჩრდილოვანმა ბოსმა, ვაშნგტონში ახალი ლობისტი დაიქირავა". სტატიის ავტორი, ელი ლეიკი, წერს, რომ კონგრესმენების ბოლოდროინდელმა წერილებმა ბიძინა ივანიშვილი აიძულა ახალი ლობისტი დაექირავებინა ვაშინგტონში. ლეიკის აზრით, ქვეყანა ატორიტარიზმისკენ იხრება.
„ბლუმბერგზე" გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ სტატია, მაღალი ალბათობით, არის დასპონსორებული.