
„აქამდე სულ პოლარიზებული არჩევნები იყო და პრაქტიკულად ყველაზე მკაფიო პრეზდენტობის არჩევნებში ის შედეგი იყო, რომ პოლარიზაციამ ფაქტიურად ზურაბიშვილის გამარჯვება მოიტანა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეს აწყობს", -ასე აფასებს „რეზონანსთან" პლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებას, რომ მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნების წინ ხელოვნურად ცდილობს პოლარიზებული გარემოს შექმნას.
ჩუგოშვილმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ" პროპორციული საარჩევნო სისტემა იმიტომ არ დაამტკიცა, რომ პოლარიზებული საარჩევნო გარემოს შექმნა სურდა.
საყვარელიძე მიიჩნევს, რომ არსებული საარჩევნო სისტემა დაბალრეიტინგიან პარტიებს გარკვეულ შანსს აძლევს, რაც, მისი აზრით, პროპორციულ სისტემით არ მიეცემოდათ.
„ოღონდ ჩემთვის გაუგებარია ის, თუ პროპორციული სისტემა რატომ გამორიცხავს პოლარიზაციას, იმიტომ, რომ სხვა პარტიების რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ მაღალრეიტინგიანი ფაქტიურად ისევ ორი პარტიაა. ისედაც პოლარიზებულია გინდ ამ სისტემოთ გინდ იმ სისტემით. ასე რომ, ეგ მოტივი კარგად არ ხსნის რატომ შეცვალა არჩევანი.
„ის კი არა, ამ სისტემაში „ოცნების" მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ ოპონენტებმა შესაძლოა მაჟორიტარები მოიგონ. გამორიცხული არაა, რომ პარტიას დიდი რეიტინგი არ ჰქონდეს, მაგრამ ამა თუ იმ რეგიონში იმდენად მომგებიანი პერსონა წარადგინოს, რომ ეს პერსონა გაიყვანოს. ასე რომ, მაჟორიტარული სისტემა დაბალრეიტინგიანი პარტიებისთვის გარკვეულ შანსს შეიცავს, პროპორციული კი ასეთ შანსს არ შეიცავს", - განაცხადა საყვარელიძემ.