
მარნეულში გატაცებული 17 წლის გოგონა პოლიციამ რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ იპოვა. არასრუწლოვანი სასწავლო კურსიდან თანატოლ ორ გოგონასთან ერთად გზაზე მოდიოდა, რა დროსაც მას თავს 4 მამაკაცი დაესხა, თავზე ტომარა ჩამოაფარეს და გაიტაცეს. გოგონა შველას ითხოვდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის ცენტრი საკმაოდ ხალხმრავალი ადგილია, მას არავინ დაეხმარა.
14 თებერვალს გოგონას ოჯახი პოლიციის შენობასთან იყო შეკრებლი და დაუყოვნებლივ არასრუწლოვანის სახლში დაბრუნებას ითხოვდნენ. მათი თქმით, დაუშვებელია, რომ 21-ე საუკუნეში მოტაცება ისევ ხდებოდეს და დაუსჯელობის სინდრომით წახალისებული მოძალადეები მოზარდ გოგონებს სწავლის და განვითარების საშუალებას არ აძლევდნენ.
ისინი აცახდებენ, რომ გოგონას სწავლა სურს და დაოჯახებას არ აპირებდა. გამტაცებელი მათივე თანასოფლელი, გოგონაზე უფროსი ბიჭია.
პოლიციის შენობასთან გოგონას პოვნის შემდეგ ადგილი პატარა ინციდენტსაც ჰქონდა, რადგანაც ბიჭის მშობლები გოგონას ოჯახთან შერიგებას ითხოვდნენ. გოგონას მამა კი ამბობს, რომ მისი შვილი მძიმე სტრესის ქვეშ იმყოფება და სავარაუდოდ, მას დამნაშავე პირებისთვის პატიების ან შერიგების არანაირი სურვილი არ აქვს. მას ოჯახის შექმნა არ სურს და არ ჰქონდათ უფლება, რომ ის ამ ფორმით იძულებით გაეტაცებინათ.
ადგილზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც იმყოფებოდა, რომელიც აცხადებს, რომ ამ რეგიონში გოგონების მოტაცების ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტები ხშირია.
თვითმხილველი ოლგა ენდელაძე კი „რეზონანსთან“ ყვება, რომ მან ყვირილის ხმა გაიგონა, გარეთ გამოიქცა და დაინახა, რომ ავტომობილმა დიდი სისწრაფით ტერიტორია დატოვა, ორი 17 წლამდე გოგონა კი ტიროდა, დახმარებას ითხოვდნენ და აბობდნენ, რომ მათი მეგობარი ძალის გამოყენებით 4-მა პირმა გაიტაცა.
ბავშვები სასწავლო კურსიდან იყვნენ გამოსული. მათი დახმარება ვერავინ შეძლო. ამბობენ, რომ ბავშვს ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენეს და ძალის გამოყენებით ავტომობილში ისე ჩასვეს. მას თავზე ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული.
„გოგონა ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვეს და ადგილიდან დიდი სისწრაფით მიიმალნენ. ორი მეგობარი ტიროდა და შველას ითხოვდნენ. როდესაც ხალხი მივედით, მან გვითხრა, რომ მისი მეგობარი 4-მა პირმა გაიტაცა. გოგონა მას იცნობდა, თუმცა მასთან ურთიერთობა არ სურდა. არც ოჯახის შექმნას არ აპირებდა.
„როგორც მისი მეგობარი გვიყვებოდა, ის ბიჭი გოგონას სოციალურ ქსელში, ტელეფონზე გამუდმებით წერდა და აწუხებდა. ის კი უარს ეუბნებოდა. ახლა კი მკაცრად გაუფრთხილებია, რომ თავი დაენებებინა, ამიტომაც ის სასწავლო ცენტრთან დახვდა და გაიტაცა.
„მაშინვე პოლიცია გამოვიძახეთ და მშობლებს შევატყობინეთ. როგორც ვიცით, ბავშვი სახლში უვნებელი დააბრუნეს, თუმცა ბიჭის ოჯახს შერიგება სურსო. აქ ძალიან ცუდი სიტუაციაა და ეს პირველი შემთხვევა არ არის“, - აცხადებს თვითმხილველი „რეზონანსთან“.
მარნეულის მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი საირა ბაირამოვა კი აღნიშნავს, რომ ე.წ. მოტაცებები ადგილობრივებში საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, რის გამოც საჭიროა შემუშავდეს გეგმა კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად.
„რეზონანსთან“ საუბრისას ის არ გამორიცხავს, რომ გატაცებულ გოგონას აიძულონ და ათქმევინონ, რომ ის მისი სურვილით წაიყვანეს.
„არ არის გამორიცხული, რომ გოგონამ თქვას თითქოს ის მისი სურვილით წაიყვანეს. ახლა საქმის დასრულებას ველოდებით და ვნახოთ რა გამოვა. თუმცა ბავშვმა რაც არ უნდა თქვას, არასრუწლოვანის მოტაცება მაინც დასჯადია და ბიჭს გარკვეული პასუხისმგებლობა მაინც დაეკისრება.
„პრობლემა სისტემაშია, რადგან პოლიციამ ვერ მოახერხა ამ შემთხვევაში ბავშვის უფლების დაცვა. მარნეულის რაიონში ეს პირველი შემთხვევა არ არის და ასეთი ფაქტები ბევრია. ხშირ შემთხვევაში არ ხმაურდება და გოგონებს აიძულებენ, რომ ხმა არ ამოიღოს და გათხოვდეს“, - აცხადებს სამართალმცოდნე, სოციოლოგი და არასამთავრობო ორგანიზაციის „მერსი ქორფსის“ წევრი სამირა ბაირამოვა.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში ჩავიდა და პირადად შეხვდა გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს მშობლებს, გატაცების თვითმხილველს და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს. ლომჯარიას თქმით, გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა.
„გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა. თვითმხილველთა თქმით, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. იგი წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს და დახმარებას ითხოვდა, თუმცა ვერავინ დაეხმარა. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. აუცილებელია დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა მაგალითი იყოს მათთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა გატაცების მახინჯ პრაქტიკას აგრძელებენ. შესაძლოა სხვადასხვა სცენარი გაავრცელონ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გატაცება გოგოს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მარნეულში 1 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ. მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა.
სამართალდამცველებმა გ.მ. ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს, გოგონა კი საკუთარ სახლში დააბრუნეს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ეს გოგონას გატაცების უკვე მეორე ფაქტია, მანამდე კი, ერთი კვირის წინ, 15 წლის გოგონა კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალოში მოიტაცეს. ფაქტზე 2 პირია დაკავებული. გოგონა მაშინ მოიტაცეს, როდესაც ის არასრუწლოვან ძმასთან ერთად სკოლაში მიდიოდა.