
„ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ გახარია უკანა პლანზე გადავიდა და კალაძე წინა პლანზე გადმოდის. გახარიას შეცვლა, როცა არჩევნებამდე 9 თვე რჩება, „ოცნებისთვის“ პოლიტიკურად მომგებიანი არ იქნება“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ გახარია იძულებით გვერდზე გაწიეს, კალაძე კი „ფრონტზე“ პირველ რიგებში გამოდის.
„მგონია, რომ ეს არის ოპოზიციური ჯგუფების, მათთან აფელირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ექსპერტების და მედია საშუალებების მიერ წამოსული ინფორმაციული ნაკადი, რათა დააჯარონ ამომრჩეველი, კერძოდ „ოცნების“ ამომრჩეველი, რომ „ოცნებაში“ კრიზისია და გუნდში არის შიდა დაპირისპირება.
„არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნება“ ფიქრობდეს, როგორ წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, მაგრამ დღეს იმის ნიშნებს, რომ უკანა პლანზე გადადის გახარია და წინა პლანზე გადმოდის კალაძე, ვერ ვხედავ.
„შეიძლება მე ვცდები, მაგრამ როცა არჩევნებამდე დარჩენილია 9 თვე, პრემიერის შეცვლა „ოცნებისთვის“ პოლიტიკურად მომგებიანი არ იქნება.
„რაც შეეხება ბრძოლის ფორნტს, „ოცნების“ ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ კოჰაბიტაცია დასრულდა და ეს დასრულდა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ და აღარ აპირებს ამ კოჰაბიტაციის აღდგენას. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას მოჰყვება ტოტალური დაპატიმრებები. ვფიქრობ, რომ „ოცნება“ მაინც გაითვალისწინებს დასავლეთის აზრს ამ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, რათა დამატებით არ გააღიზიანოს დასავლეთი, რადგან შეიძლება დადგეს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზაალ ანჯაფარიძემ.