
„ადამიანის უფლებაა აირჩიოს წავიდეს თუ არა არჩევნებზე. ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში კი ირღვევა ეს უფლება, რადგან აძალებ მას მივიდეს არჩევნებზე, რაც საქართველოში შედარებით გართულებულია, რადგან მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ ცხოვრობს თავისი რეგისტრაციის ადგილას და ეს ისევ მოქალაქეებს შეუქმნის სირთულეებს“, - ასეთი მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს.
ჩიტაძის თქმით, თუ მოქალაქეს არ სურს და არ უჭერს მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას ან კონკრეტულ მაჟორიტარ კანდიდატს, მას აქვს უფლება არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
„შეიძლება ადამიანი საერთოდ ვერ ერკვევა პოლიტიკაში, ეს სულაც არ ლახავს მის ღირსებას. შენ თუ ავალდებულებ მას, რომ მივიდეს, შეიძლება არცთუ ისე სწორი არჩევანი გააკეთოს, ან შესაძლოა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან მანიპულირების მსხვერპლი გახდეს“, - ამბობს, ნიკა ჩიტაძე.
მისი აზრით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის მიერ გაჟღერებული ინიციატივა მიუღებელია და სხვა ქვეყნების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში არსებული ვითარებაც განსხვავდება იმ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულისაგან, სადაც არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა.
„გარკვეულ დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგალითად, საბერძნეთში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, თუ მოქალაქე საარჩევნო დღეს არ გამოცხადდება და არ დააფიქსირებს თავის სამოქალაქი პოზიციას, ასევე ბელგიაშია გარკვეული ჯარიმები მსგავს შემთხვევებში. თუმცა, დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობაში არჩევნებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
„საქართველოში ვერანაირად ვერ იმუშავებს ეს მოდელი, რადგან ჩვენთან სხვა რეალობაა იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ეს ვალდებულება აქვთ მოქალაქეებს. მე პირადად პარლამენტის წევრი რომ ვიყო, კატეგორიულად არ დავუჭერდი მხარს ამ ინიციატივას და დღესაც, როგორც რიგითი მოქალაქე, არ ვემხრობი, ვინც არ უნდა იყოს ამის ინიციატორი.“ - აცხადებს, ნიკა ჩიტაძე.