ნატა თვაური
16.02.2020

„პარლამენტის წევრს აქვს უფლება მოითხოვოს სიტყვა, მიიღოს კამათში მონაწილეობა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია - ამაში არავის შეშლია არასდროს ხელი. მაგრამ პროტესტის გამოხატვას თავისი ნორმები აქვს. მთავარი ისაა, რომ არ დაირღვეს კონსტიტუციური ნორმა. ანტიკონსტიტუციური ქმედება უნდა იყოს აღკვეთილი“, - ასეთ განცხადებას აკეთებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე, ოპოზიციის მხრიდან დაანონსებულ პროტესტზე პარლამენტში. 

ოპოზიციამ დაანონსა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას გააპროტესტებს. პროტესტის გამოხატვას კი პარლამენტის შენობის პიკეტირებითა და პარლამენტის შენობის შიგნით საკომიტეტო მოსმენაზე და პლენარულ სხდომაზე საპროტესტო გამოსვლით გეგმავს.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძღაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება, რამდენიმე დეპუტატი ინდივიდუალურ რეჟიმში შოთაძის კანდიდატურის განხილვასა და დამტკიცებას ორშაბათს იურიდიულ საკითხთა კომიტეტშიც გააპროტესტებს და სამშაბათს პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც.

ლადო კახაძის თქმით, თუ ოპოზიცია კომიტეტისა თუ პლენარული სხდომის ჩაშლას დააპირებს და თუ განხორციელდება რაიმე ანტიკონსტიტუციური ქმედება, ამას შესაბამისი ქმედება მოჰყვება.

„სხდომის მიმდინარეობისას არის პროტესტის სხვადასხვა ფორმა - სიტყვით გამოსვლა, აზრის დაფიქსირება, მაგრამ, რამდენადაც მე ვიცი, სხდომის ჩაშლა ანტიკონსტიტუციური ქმედებით მანდატურების მიერ იქნება აღკვეთილი, რისი ვალდებულებაც მათ აქვთ. ჯერ მოხდება მოწოდება სპიკერის მიერ, რომ დაიცვან წესრიგი, ხოლო შემდგომ შესაბამისი ქმედებები გატარდება. სხდომას, რომელზეც განიხილება გარკვეული საკითხები, ხელი არ უნდა შეეშალოს“, - აცხადებს, ლადო კახაძე.

ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში 2020 წლის 7 თებერვალს გამართულ კენჭისყრაზე აირჩიეს. საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატურა კი პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×