
ნოე ბაბუ და მარუსა ბებო თანაცხოვრების 70 წელს ითვლიან. სწორედ ამდენი წელია რაც მათ ერთმანეთი უყვართ.
ნოე მუმლაძემ და მარუსა ციცვიძემ ხუთი შვილი, 11 შვილიშვილი და 14 შვილთაშვილი გაზარდეს. ორივე 1 იანვარს 100 წლის გახდა. იუბილე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადაუხადა.
ჩვენი გმირები ჭიათურის სოფელ მანდაეთიდან არიან. ისინი ახლაც იმ სახლში ცხოვრობენ სადაც შეუღლდნენ, შვილები და შვილიშვილები გაზარდეს.
ნოე ბაბუ ამბობს, რომ მათ სიყვარული სკოლის მერხიდან ეწვიათ. თუმცა, მარუსა ბებო გვიმხელს რომ უკვე იცოდნენ რომ ისინი ერთმანეთის „ბედი" უნდა ყოფილიყვნენ.
„აკვანში ვყოფილვართ, როცა ჩვენს მშობლებს უთქვამთ ესენი უნდა დავაქორწინოთო და კიდევაც შევუღლდით, მაგრამ სიყვარულით", - გვიყვება მარუსა ბებო.
1941 წლის 1 მაისს იქორწინეს, 5 მაისს კი ნოე ომში წავიდა. მარუსა, დედამთილთან ერთად ომის ვეტერანს ხუთი წლის განმავლობაში ელოდა.
ნოე ბაბუ მეუღლეს ემადლიერება და ამბობს, რომ მისით ძალიან კმაყოფილი და მადლიერია.
„ხუთი შვილი გამიზარდა", - ამბობს სიამაყით ნოე ბაბუ და მეუღლეს კმაყოფილი თვალით გადახედავს.
ახლა უკვე მარტო, პატარა, ხის ოდა სახლში ცხოვრობენ.
ამბობენ, რომ ცხოვრებით კმაყოფილები არიან რადგან ჭირ-ვარამი ერთმანეთის მხარდამხარ გაიარეს.
ახლა დროს ერთმანეთის მზრუნველობაში ატარებენ.
„დილით ვეხმარებით ხოლმე ერთმანეთს ადგომაში, ძალიან მოვხუცდით, მაგრამ ჩვენი ცხოვრებით კმაყოფილები ვართ", - ამბობს მარუსა ბებო.
წყარო: "პრაიმტაიმი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე