
„ჩვენთან არსებული სიტუაცია ისედაც პოლარიზებულია და წინასაარჩევნოდ ამ პოლარიზაციისთვის ხელის შეწყობა რუსეთისთვის, ჩვენდა სამწუხაროდ პრობლემას არ წარმოადგენს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ, გამოქვეყნებულ 2019 წლის ანგარიშს, რომელშიც რუსეთის კონტექსტში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებიცაა განხილული, მათ შორის საუაბრია 2020 წლის არჩევნებზეც.
მაისაია მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ წინასაარჩევნოდ ჩარევის მეტი ბერკეტები გააჩნია, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყნის მიმართ.
„რუსეთს საქართველოში არჩევნების ჩარევაში მეტი ბერკეტები აქვს და ამ მხრივ უფრო მოწყვლადია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ყველასათვის ნათელია თუ იგი აშშ-ის არჩევნებში როგორ ჩაერია.
ჩარევა იყო სამი მიმართულებით: 1. კიბერშეტევა-ჰაკერული თავდასხმა დემოკრატიული პარტიის საიტებზე და კომპიუტერულ სისტემებზე. 2. რუსეთმა შექმნა საინფორმაციო კამპანია-საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით, რომლებმაც გარკვეულწილად ამომრჩევლების განწყობებზეც გავლენა იქონია. 3. რუსეთის დაფინანსება- როდესაც გარკვეული კანდიდატის შტაბის წევრებს აფნანსებდნენ.
„მაგალითად, მონტენეგროში საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსეთის სპეცსამსახურები სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ, უბრალოდ მათი გამოვლენა წინასწარვე მოხდა, საქართველოში კი წინასაარჩევნოდ შესაძლოა რუსეთმა მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება დაიწყოს, ასევე საინფორმაციო პროპაგანდა განახორციელოს.
დავუშვათ ანტინატოს და სხვა სახის რიტორიკით, აქ კიდევ არსებობენ გარკვეული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რუსულ ნარატივს ატარებენ და ბუნებრივია წინასაარჩევნოდ შესაძლოა მათი გააქტიურება და კიდევ უფრო წარმოჩენა მოხდეს, რუსეთმა კიდევ შესაძლოა გარკვეულწილად ფარული პოლიტიკური ზეწოლისა და მუქარის ელემენტებიც განახორციელოს.
„არაა გამორიცხული, რომ ეთნიკურ რეგიონებში დაპირისპირების მომენტები შექმნას, შესაძლოა თუნდაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემები წინ წამოსწიოს.
„ჩვენთან არსებული სიტუაცია ისედაც პოლარიზირებულია და ჩვენდა სამწუხაროდ, წინასაარჩევნოდ ამ პოლარიზაციისთვის ხელის შეწყობა რუსეთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
"აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ურთიერთობის დონეზე აშკარად გარკვეული ბზარი არსებობს, რუსეთი ამ ბზარის გაღრმავებას ყველა ვარიანტში შეეცდება, ამას მარია ზახაროვას ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს" - განაცხადა მაისაიამ.
ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში მიიჩნევენ, რომ რუსეთი შეეცდება, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს, ამის შესახებ მათ 2019 წლის საკუთარ გამოქვეყნებულ ამგარიშში აღნიშნეს.
„რუსეთი ჩაერია დასავლეთის არჩევნებში 2019 წელს და დიდი ალბათობით იმავეს გააკეთებს 2020-შიც. ამ წელს, მაგალითად, რუსეთი, რა თქმა უნდა, ფოკუსირებული იქნება აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე.
"უმთავრესი მიზანი არის, უზრუნველყოფილ იქნას რუსეთისთვის სასარგებლო შედეგები რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ან დასავლეთში ყველაზე არაერთგვაროვანი გავლენის მქონე კანდიდატების მხარდაჭერით.
"უფრო მეტიც - რუსეთს სურს აჩვენოს, რომ დასავლეთს არ გამოსდის სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ეს კი არის შესაძლებლობა, ყურადღება გადაიტანონ რუსეთის პრობლემებისგან და გამოიყენონ უკვე გამოცდილი, დასავლეთის ორმაგი სტანდარტების რიტორიკა", - წერია ანგარიშში.
დაზვერვის ანგარიშში ასევე ნახსენებია რუსი სამხედროების მიერ დე ფაქტო საზღვრის გადმოწევა და რუსეთის მიერ საქართველოში გამოყენებული ე.წ. რბილი ძალა.