თამარ შუკვანი
18.02.2020

თბილისის მერის, „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის შეთავაზებას, რომ საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკება ოპოზიციასთან შესაძლოა არა ერთიან ფორმატში, არამედ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებით გაგრძელდეს, „ევროპული საქართველო" არ დათანხმდება. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „რეზონანსს" უთხრა, რომ არცერთი სერიოზული ოპოზიციური ძალა ამ წინადადებას არ მიიღებს, რადგან ხელისუფლების მიზანია ოპოზიცია დაყოს.

კახა კალაძემ 18 თებერვალს თქვა, რომ მზად არიან პარტიებთან ცალკეული შეხვედრები გამართონ და საარჩევნო სისტემაზე იმსჯელონ. მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის დიალოგი მნიშვნელოვანია და თუ შეთანხმება არ მოხდა, არჩევნები ჩატარდება არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, შერეული საარჩევნო სისტემით.

„არაფერი სალაპარკო „ოცნებასთან", მითუმეტეს ცალკე, არ გვაქვს და არ ვიცი კალაძეს რა მცდელობა აქვს. არანაირი ცალკეული დიალოგი არ იქნება. გვაქვს დიალოგის ფორმატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" ჩაშალა მას მერე, რაც პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება დაიწყო.

„ეს დიალოგის ფორმატი მოკლა. თუ ისევ ამ დიალოგის აღდგენა უნდა, „დაყავი და იბატონე"-ს უნიჭო მცდელობა კი არ უნდა ჰქონდეს, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან. სერიოზულად მათ წინადადებას არ განვიხილავთ.

„ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე სერიოზული ოპოზიციური ძალა, რომელიც ამ ერთობლივ შეხვედრებში ვმონაწილეობთ, ამას დათანხმდნენ. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს", ის არაფერს ცვლის, რადგან ჩვეულებრივ „ქართული ოცნების" გაგრძელებაა და შიგნით ილაპარაკონ ასე, რა მნიშვნელობა აქვს..." - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×