ია აბულაშვილი
18.02.2020

„ამ ვარიანტით მმართველ გუნდს შეუძლია დასავლეთს უთხრას - აი, რამდენი დავთმე 73-დან ავედი 110-მდე... საარჩევნო ბარეირის დაწევა „ოცნებას" აწყობს, რადგან ბარიერის დაწევის ან გაუქმების შემთხვევაში, „გაერთიანებული ოპოზიცია" დაიშლება, ვინც ნათელაშვილის ოფისში ზის, პატარა პარტიებს პარლამენტში შესვლის შანსი უჩნდებათ", - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება გეგმა „ბ"-ზე გადავიდეს და „დემოკრატია გაითამაშოს".

„ხელისუფლება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცვლილება აუცილებლად სჭირდება. სხვა შემთხვევაში ყველა ქვეყანა და ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი ყვითელ ბარათს აჩვენებს. ამიტომ შეეეცდება გადავიდნენ გეგმა „ბ"-ზე - 100/50-ის მოდიფიკაციაზე. შეიძლება ეს იყოს 110/40-ზე.

„ასევე ბარიერის დაწევით თუ გაუქმებით ისევ გაითამაშოს - „აი, რა დემოკრატიაა" და ამას პირველ რიგში „გაყიდის", როგორც კონსტრუქციულ ოპოზიციასთან შეთანხმებათ", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

„არის თუ არა რაიმე დიალოგი უსუფაშვილსა და „ოცნებას" შორის, თუ ეს დათოს მოსაზრებაა, არ ვიცი. შეიძლება აქვს ინფორმაცია, რომ „ოცნებაში" ეს მოსაზრება ტრიალებს. ამ ვარიანტით „ოცნება" დასავლეთს აჩვენებს, რომ კიდევ ერთხელ დათმო. ანუ შეეცდება დასავლეთს უთხრას - აი, რამდენი დავთმე, 73-დან (პროპორციული სისტემით ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობა) ავედი 110-ზე. მაგრამ როგორ აღიქვამს ამას დასავლეთი, ეს სხვა საქმეა, რადგან ერთია წმინდა პროპორციული სისტემა და სხვაა 110/40. სხვათა შორის, 110/40-საც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება.

„ბარიერის დაწევა აწყობს „ოცნებას", რადგან ბარიერის დაწევის თუ გაუქმების შემთხვევაში „გაერთიანებული ოპოზიცია" დაიშლება. ვინც ახლა ნათელაშვილის ოფისში ზის, პატარ-პატარა პარტიებს პარლამენტში შესვლის შანსი უჩნდებათ. „ოცნების" წინაშე კი დარჩება დასუსტებული ოპოზიცია.

„მინდა გითხრათ, რომ თავად ოპოზიციაშიც არ არის შეთანხმება. მსხვილი პარტიები აცხადებენ, რომ არსებული სისტემაც რომ იყოს, „ოცნება" მთავრობას ვერ შექმნის და მომავალი არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებაო.

„ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს არის სიტუაციაზე მორგება და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ პოლიტიკური ძალები შეთანხმდებიან ორპალატიან პარლამენტზე. არა იმიტომ, რომ ეს არის გამოსავალი, არამედ იმიტომ, რომ საპარლამენტო რესპულიკისთვის ორგანულად არის საჭირო ორპალატიანი პარლამენტი. გარდა ამისა, გვაძლევს საშუალებას სეპარატისტულ რეჟიმებთან სასაუბროდ.

„მაგრამ, როგორც ჩანს, არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში ეს წინადადება არ იქნება მიღებული", - განაცხადა „რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×