თამარ შუკვანი
18.02.2020

„პატრიოტთა ალიანსი" მზად არის „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდას კიდევ ერთხელ მიუჯდეს. როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ „რეზონანსს" უთხრა, თბილისის მერის კახა კალაძის შეთავაზებას, რომ საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკება ოპოზიციასთან შესაძლოა არა ერთიან ფორმატში, არამედ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებით გაგრძელდეს, იღებს. თუმცა, მოლოდინი იმისა, რომ მხარეები შეთანხმებიან, არ აქვს.

„ჩვენ ხელისუფლებას ბრალს ვდებთ იმაში, რომ სისტემას არ ცვლიან და ქვეყნისთვის სასიკეთოდ არაფერს აკეთებენ. დიალოგის რესურსი ჯერ არ ამოწურულა, ამიტომ დავსხდებით სასაუბროდ, მაგრამ „ოცნებამ" უნდა იცოდეს, რომ მათ მოთხოვნაზე დათანხმება პირდაპირ არ მოხდება.

„შემოთავაზებები, რომლებიც პრინციპულად არ ცვლის არაფერს, ჩვენთვის მიუღებელი იქნება. ჩვენ გვაქვს ჩვენი წინადადებები - 135/15, ან სრულად პროპორციული. ეს იქნება ჩვენი კომპრომისული შეთავაზება. ამ დიალოგის რეჟიმში თუ გამოიკვეთება, რომ „ოცნება" რაღაც მზაობას მაინც აცხადებს, შეთანხმებაც მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ მოხდება.

„ხელისუფლება ხშირად არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს. ამიტომ, დიდი მოლოდინი და იმედი მათთან არც დიალოგის დროს გვაქვს, მაგრამ ჩვენ ყოველი შემთხვევაში უნდა ამოვწუროთ ყველა ის ფორმა, რომელზეც შემდეგ არც ხელისუფლებას ჰქონდეს სათქმელი და არც ჩვენ გაგვიჩნდეს უკმარისობის გრძნობა, რომ დიალოგის რეჟიმში ყოფნისას იქნებ რაღაცას მიგვეღწია. ამ დიალოგის რეჟიმში ვიქნებით, თუმცა დიდი სასიკეთო მოლოდინები არ გვაქვს," - თქვა გოჩა თევდორაძემ.

ცნობისათვის, კახა კალაძემ 18 თებერვალს თქვა, რომ მზად არიან პარტიებთან ცალკეული შეხვედრები გამართონ და საარჩევნო სისტემაზე იმსჯელონ. მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის დიალოგი მნიშვნელოვანია და თუ შეთანხმება არ მოხდა, არჩევნები ჩატარდება არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, შერეული საარჩევნო სისტემით.

კალაძის ამ წინადადებას არ იღებს „ევროპული საქართველო". პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „რეზონანსს" უთხრა, რომ არცერთი სერიოზული ოპოზიციური ძალა ამ წინადადებას არ მიიღებს, რადგან ხელისუფლების მიზანია ოპოზიცია დაყოს. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს", კაპანაძის თქმით, „ის არაფერს ცვლის, რადგან ჩვეულებრივ „ქართული ოცნების" გაგრძელებაა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×