
„მე განსაკუთრებული მოლოდინები ნამდვილად არ მაქვს. მერაბიშვილს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პირველ რიგში ადაპტაციის პერიოდის გავლა დასჭირდება. ერთია შიგნიდან დანახული პროცესი და მეორე რა რეალობა დახვდება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებას და მის შესაძლო გეგმებს.
ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილი თუ ისევ პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, მხოლოდ ორი გზა აქვს - „ნაციონალური მოძრაობა", ან „ევროპული საქართველო". თუმცა, ორივე პარტიის წარმომადგენლები მუდმივად თავს არიდებენ ამ საკითხზე და მერაბიშვილის მათ პარტიასთან შესაძლო თანამშრომლობაზე საუბარს.
„მე განსაკუთრებული მოლოდინები ნამდვილად არ მაქვს. მერაბიშვილს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პირველ რიგში, ადაპტაციის პერიოდის გავლა დასჭირდება. ერთია შიგნიდან დანახული პროცესი და მეორე რა რეალობა დახვდება.
„თუ ის პოლიტიკაში რეინტეგრაციის გადაწყვეტილებას მიიღებს, მას არჩევანი საკმაოდ შეზღუდული აქვს. პრაქტიკულად ორი არჩევანი აქვს - ან „ნაციონალური მოძრაობა", ან „ევროპული საქართველო", დანარჩენი თვითონ იცის", - განაცხადა მან.
„რეზონანსი" ვანო მერაბიშვილის გეგმებზე სასაუბროდ პერიოდულად უკავშირდებოდა როგორც „ევროპულ საქართველოს", ისე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, თუმცა ისინი ამაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. აქედან გამომდინარე, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა მერაბიშვილს ჯერ სამომავლო გეგმები არ დაუსახავს.
„ეს ნიშნავს ერთადერთ რაღაცას - რომ მერაბიშვილი საკუთარ გეგმებზე ჯერ ჩამოყალიბებული არაა. მეტს რას უნდა ნიშნავდეს - თვითონ არაა ჩამოყალიბებული და ამათმა რა უნდა თქვან", - განაცხადა ხუხაშვილმა.
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს პატიმრობის ვადა 2020 წლის 20 თებერვალს ეწურება.