რეზონანსი
18.02.2020

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში სოფელ ყარაჯალაში ყოფილი ქმრმის მიერ ცოლის მოკვლის ფაქტს ეხმაურება.

„ერთი დღით ადრე, სანამ ახალგაზრდა ქალს ქმარი თუ ქმარყოფილი ყელს გამოჭრიდა, იმ სოფლის სკოლაში წიგნები ჩავიტანეთ.

ახლა ვფიქრობდი, რომ ის გოგონაც, ალბათ იმ სკოლაში სწავლობდა და შესაძლოა, ის კაციც. და ორივეს ოდესღაც ისეთივე ანთებული თვალები ჰქონდა და ეს თვალები სულ სხვა მომავალს ეძებდნენ. სულ სხვას, ვიდრე ახლა ჩამოდგა. და მივხვდი, რომ ხვალინდელი დღეც ასეთი იქნება. ზუსტად ასეთი. განა მარტო იმ სოფელში. ყველგან. შევეშვათ ეთნოსებისკენ ცალი ხელის გაშვერას და ცალით საკუთარი უსინდისობის და უმაქნისობის ჩუმად მოწმენდას. ფემიციდი მხოლოდ მკვლელობა არ არის. ეს ქალების განდევნის ხელობაა. ყოველდღე და ყველგან.

კვირაში ორ სოფელს მაინც ვსტუმრობთ. როცა წიგნებს ვარიგებთ, უმეტესად მასწავლებლები პატარა ბიჭებს გამოუშვებენ ხოლმე წიგნებისკენ და გოგონები მორცხვად, შორს დგანან. არადა ორ-ორ წიგნს ვურიგებთ თითოს სიმბოლურად, განა რამე მძიმეს და შეუძლებელს.

იქაც ვამბობ და აქაც ვიტყვი : ყველაფერი ასეთი მცირე, შეუმჩნეველი ამბებით იწყება და ჩვენ მომავალშიც გუშინდელივით დავმარცხდებით, თუ არ მივხვდით და:

თუ გოგონებს არ ვასწავლეთ, რომ წიგნებისკენ ისინიც ბიჭებთან ერთად უნდა გამოიქცნენ!

თუ ბიჭებს არ ვასწავლეთ, რომ სირცხვილი არ არის, თუ გოგონები წიგნებისკენ ბიჭებთან ერთად მორბიან!

თუ გოგონებს არ ვასწავლეთ, რომ ისინი თავისუფლები, ლაღები უნდა იყვნენ. მხოლოდ საკუთარი თავის საკუთრება, მხოლოდ საკუთარი ფიქრის მძევალი.

თუ ბიჭებს არ ვასწავლეთ, რომ გოგონები ნივთები არ არიან, როცა გინდა მოეფერო და როცა გინდა - გატეხო.

თუ არ ვასწავლეთ აქ დ ახლა. თუ არ ვასწავლეთ და არ ვისწავლეთ. ჩვენც და თქვენც!" - წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოფელ ყარაჯალაში ყოფილმა მეუღლემ 23 წლის ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×