თამარ შუკვანი
19.02.2020

„კონკრეტული პირები უკვე არაფერს წყვეტენ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მთავარი პროკურორი. არ მგონია, რომ შოთაძე ვინმეზე უარესი ან უკეთესი იყოს. უბრალოდ თავად სისტემაა მანკიერი, რომელიც თავის თავში გულისხმობს პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობას, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის და ეს აფუჭებს ყველაფერს. ეს შოთაძე იქნება თუ ქიბროწაშვილი, რა მნიშვნელობა აქვს? კონკრეტულად შოთაძესთან არ მაქვს პრეტენზიები," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ირაკლი შოთაძის დაბრუნებას გენერალური პრტოკურორის თანამდებობაზე.

„რ": 4 აპრილი ოპოზიცია მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს. როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს ეს ოპოზიციურ სპექტრს?

გ.ხ: აქციაც არის პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთი ელემენტი. იმედს ვიქონიებდი, რომ 4 აპრილამდე ხელისუფლება გონს მოეგება და შეცვლის იმას, რაც ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაგვაბრუნებს.

„რ": ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას როგორ შეაფასებთ?

გ.ხ: წაადგება საქმეს და საერთოდ, კარგია, რომ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ რაღაცის გაკეთება ამ კრიზისის გადალახვის თვალსაზრისით, აქტიურდებიან და მისი ეს აქტიურობაც, მისასალმებელია.

„რ": ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი 20 თებერვალს საპატიმროს დატოვებს. როგორ ფიქრობთ, გააგრძელებს ის პოლიტიკურ საქმიანობას? ამ შემთხვევაში ვისთან შეიძლება ვიხილოთ ალიანსში?

გ.ხ: მან უნდა გადაწყვიტოს. ყველა შემთხვევაში, რაღაც პერიოდი პაუზის აღება მოუწევს იმისათვის, რომ ადაპტაცია მოახდინოს. რეალურად მან უნდა ნახოს რა ხდება კულისებს მიღმა. თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში რეინტეგრაციას, მას შეზღუდული არჩევანი აქვს. ან „ნაცმოძრაობა" ან „ევროპული საქართველო," ანდა შეეცადოს, რომ მათ შორის რაღაც ხიდები გადოს და რაღაც ტიპის კოორდინაცია გააჩინოს.

რომ გითხრათ რომ მაღალი აზრის ვარ და რაღაც სასწაულები მოხდება მისი გამოსვლით, ასე არ ვფიქრობ, თუმცა, ორ ნაწილს შორის მედიატორის როლი შეუძლია ითამაშოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×