
ხელისუფლებამ კახი კალაძის ინიციატივის განხორციელება დაიწყო, პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრაზე მმართველ გუნდს პირველი „გირჩი" შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამავე ფორმატში დაგეგმილია შეხვედრა სოციალ-დემოკრატებთანაც.
უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ „რეზონანსს" უთხრა,რომ ამ ფორმატში შეთანხმების მიღწევას დრო სჭირდება.
„ვნახოთ. ამ ფორმატში თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ამას დრო გვიჩვენებს, თუ მათ (ოპოზიციურ პარტიებს) შეთანხმებაზე უნდათ წამოსვლა და თავიანთი გარკვეული პირობებით რაღაცაში კონსენსუსის მიღწევა, მაშინ უნდა წამოვიდნენ, თუ ერთმანეთს უყურებენ პატრიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ არიან და მათი გავლენიდან ვერ გამოდიან, ეს უკვე სხვა საკითხია და ეს ყველაფრი მოლაპარაკებებისას გამოჩნდება.
„მზაობა ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ გახმიანდა, რომ ვისაც გინდათ, მოდით, დავილაპარაკოთ არაა პრობლემა და ვნახოთ დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება."-განაცხადა ქანთარიამ.
„ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „რეზონანსთან" განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან ინდივიდუალური პარტიების შეხვედები ოპოზიციის ერთობას ხელს ვერ შეუშლის. მისი თქმით ამ შეხვედრის შესახებ მას არავინ დაკავშირებია.
„ვფიქრობ, ეს შეხვედრები ოპოზიციის ერთიანობას არ ემუქრება იმიტომ, რომ ჩემი აზრით და ჩემი ინფირმაციით, ხელისუფლება ინდივიდუალურ შეხვედრებზეც იგივე პასუხს იღებს, რაც საერთოდ ჩვენი მოთხოვნაა, ასე, რომ თუ ისინი ფიქრობენ, რომ ინდივიდუალური შეხვედრებით რაღაცას შეძლებენ, ძალიან ცდებიან.
„ჩვენთვის მთავარია ოპოზიციის ერთობა და იმ მოთხოვნების ერთგული ვართ, რასაც ოპოზიცია აყენებს, ცალკე შეხვედრების მიზანს და შინაარსს ვერ ვხედავ, თუ უნდა ვინმეს ჩემთან ოფისსში მოსვლა, კი ბატონო, შემოიაროს, მაგრამ არ ვაპირებ, რომ რაიმე განსხვავებულზე ვინმეს რამეზე ვესაუბრო.
„ამიტომაცაა, ალბათ, რომ ამაზე ჩვენთან კონაქტი შეხვედრაზე არც ყოფილა"-განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ სამშაბათს განაცხადა, რომ მზად არიან სხვადასხვა პარტიასთან ცალკეული შეხვედრები ჩაატარონ და იმსჯელონ საარჩევნო სისტემაზე. კალაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის დიალოგი მნიშვნელოვანია და თუ შეთანხმება არ მოხდება, არჩევნები არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.
„ევროპული საქართველოსთვის" კალაძის წინადადება მიუღებელია, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „რეზონანსს" განუცხადა, რომ არცერთი სერიოზული ოპოზიციური ძალა ამ წინადადებაზე თანახმა არ იქნება, რადგან ხელისუფლების მიზანი ოპოზიციის დაყოფაა.
შეთავაზებაზე განსხვავებული აზრისაა „პარტიოტთა ალიანსი", პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ „რეზონანსთან" განაცხადა, რომ ალიანსი მზადაა „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებების მაგიდას კიდევ ერთხელ მიუჯდეს, თუმცა შეთანხმების მოლოდინი პარტიას არ აქვს.