ია აბულაშვილი
19.02.2020

„ხატი იკონისა, არის სამკარიანი" გაბმული ერთი მეორეზედ რკინის ანჯამებით, შუაზე არის გამოსახული მაცხოვარი, მარჯვნივ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მარცხნით წმინდა იოანე ნათლისმცემელი" - ასე აღწერს მემატიანე ოქონის ვედრების სპილოს ძვლის ხატს, რომელიც საქართველოს ეკლესიის ისტორიაში მე-11 საუკუნიდან არის ცნობილი.

ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშია და მე-10 საუკუნით თარიღდება, დაწერილი ბიზანტიის ქალაქ იკონიაში, აქედან მოდის მისი სახელწოდებაც. არაბთა შემოსევის დროს ხატის მცველებს სიწმინდე ბიზანტიიდან კონსტანტინეპოლში გადაუბრძანებით, საქართველოში კი "ოქონის ტრიპტიკონი" ბაგრატ მეოთხის ბიზანტიელმა მეუღლემ დედოფალმა ელენემ მზითვად ჩამოიტანა. ხატისთვის თან გამოუყოლებით მისივე მცველი დეკანოზი ფილიმონი. ამას ადასტურებს ვახტანგ მეექვსის მიერ გაცემული სიგელ-გურჯი "თანა მოუშორებლად ჰქონდა მუნვე სახლსა ზედა ოქონის ღვთისმშობლისას". დედოფალ ელენეს მზითევში ძვირფასეულობასთან ერთად ყოფილა სხვა სიწმინდეებიც, "ლურსმანი იესო ქრისტეს ჯვრიდან" და "ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტეყელის" ნაწილი.

ვახტან მეექვსის მიერ გაცემულ სიგელ- გურჯში წერია, რომ ხატი ბაგრატ მეოთხიდან ვიდრე თამარ მეფემდე "იყო მეფის სასახლეს ეკლესიას შინა, დიდი პატივით, ქალაქ ტფილისს, ისანსა". ერთ-ერთი ვერსიით ბაგრატ მეოთხემ "ოქონის ხატისთვის" სპეციალური ტაძარი ააგო, რომელიც მიწისძვრისგან დაინგრა. მე-12 საუკუნეში კი თამარ მეფემ გორში იქონის ტაძარი ააშენა და იქ "ოქონის ტრიპტიკონის" დასვენება ბრძანა. "იხილა ბორცვი ერთი, რომელიც არის გორაკა კლდე "ტოთიოდ" სახელდებული" და სწორედ ამ ბორცვზე ააგებინა "ოქონის ღვთისმშობლის" ეკლესია. სავარაუდოდ, ეს მოხდა 1189 წელს, "ოქონის ხატი" დაბრძანებული იქნა გორში, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში.

ოქონის ვედრების სპილოს ძვლის ხატის სიმაღლე 20 სმ-ია. ოქრო-ვერცხლით და 30 ქვით, მარგალიტებით შემკული. ეს უნიკალური ხატი, 1742 წელს მეფე ვახტანგ მეექვსეს რუსეთში ემიგრაციის დროს წაუღია, მაგრამ მეფის შვილთაშვილს ანა ტოლსტაიას 1899 წელს საქართველოში დაუბრუნებია და მცხეთის დედათა მონასტერში დაუბრძანებიათ. 1925 წელს კი ცხინვალის მუზეუმში ინახებოდა, საიდანაც 1991 წელს დაიკარგა და მხოლოდ 2001 წელს "კრისტის" აუქციონზე აღმოჩნდა, რომელიც რუს მოქალაქეს გაუტანია გასაყიდად. ხატი 2 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. 2004 წელს უნიკალური "ოქონის ტრიპტიკონი" საქართველოში ჩამოაბრძანეს და დღეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×