
„ამ შემთხვევაში, რაც მიუსაჯეს, ამ კაცმა სრულად მოიხადა და თუ თავიდან რაღაც ახალი საქმის შეკერვა დაიწყეს, მაშინ ესეც პოლიტიკური პატიმარი იქნება სხვა არაფერი," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაჩენილ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თუ მერაბიშვილი პოლიტიკურად გააქტიურდა, შესაძლოა გიგი უგულავას ბედი გაიზიაროს და ისევ საპატიმროში შეაბრუნონ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებას, ე.წ. მატროსოვის ციხეს 20 თებერვალს დატოვებს.
ოპოზიციაში არ საუბრობენ იმის შესახებ, ექსპრემიერი და ყოფილი შს მინისტრი მომავალში აპირებს თუ არა პოლიტიკურ აქტივობას. აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ იგი საკუთარ გეგმებზე თავად ისაუბრებს.
ძაბირაძეს ექს-პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის განცხადებები აფიქრებინებს, რომ შესაძლოა იგი „ევროპული საქართველოს" რიგებში ვიხილოთ.
„ძალიან გამიჭირდება ამაზე საუბარი, რომ იგი უგულავას ბედს გაიზიარებს იმიტომ, რომ ჯერ ერთი რომ გამოვა რას აპირებს არ ვიცი, აპირებს თუ არა პოლიტიკურ აქტიურობას, თუმცა ამ ქვეყანაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. უგულავასთან ხელისუფლებას რაღაც ფორმალური მიზეზი მაინც ჰქონდა და ამ შემთხვევაში რაც მიუსაჯეს, ამ კაცმა სრულად მოიხადა და თუ თავიდან რაღაც ახალი საქმის შეკერვა დაიწყეს, მაშინ ესეც პოლიტიკური პატიმარი იქნება, სხვა არაფერი. თუმცა არა მგონია, რომ ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯები გადაიდას.
„მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, სჯობს პოლიტიკას თავი დაანებოს და სადმე ისეირნოსო, ვფიქრობ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან არ უნდა მივიდეს, ამიტომ ჩემი აზრით, უფრო „ევროპული საქართველო" მოიაზრება.
„გულწრფელად რომ გითხრათ, მერაბიშვილს მაინცდამაინც არ ვთვლი, რომ დიდი პოლიტიკური შემოქმედი იქნება, პოლიტიკური კაპიტალი მას ნაკლებად გააჩნია და ის, რა გავლენაც მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ჰქონდა, არა მხოლოდ მინისტრობის გამო, არამედ გულწრფელად პატივს სცემდნენ, ეს გავლენა დღეს რამდენადაა შემორჩენილი და იმუშავებს თუ არა ეს კიდევ ცალკე საკითხია. ამიტომ არა მგონია, რომ ამ მიმართულებით მერაბიშვილი დიდი პოლიტიკური კაპიტალის მქონე პირი იყოს," - განაცხადა ძაბირაძემ.