სასამართლოებში უკვე 20–მდე საქმე მედიაციით გვარდება, აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი
მალხაზ გაგუა
19.02.2020

2020 წლის 1 იანვარს ამოქმედდა „მედიაციის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზე საქართველოში პირველად დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია", რომლის პრეზენტაცია ოთხშაბათს სასტუმრო „რუმსში" გაიმართა, სადაც საზოგადოებას დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის ოფიციალური ამოქმედება მიულოცეს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე მიხეილ სარჯველაძეც, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ბატონმა კარლ ჰარცელმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა.

„რეზონანსი" ესაუბრა ახლადდაფუძნებული ასოციაციის პირველ თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს.

„რეზონანსი": საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა საუბარი მედიაციის ინსტიტუტის ამოქმედების აუცილებლობაზე? რა არის ზოგადად მედიაცია და როგორ

ირაკლი ყანდაშვილი: ნამდვილად გიდასტურებთ მედიაცია ახალი სიტყვაა ქართულ რეალობაში, ეს გახლავთ ბოლო ათწლეულის მანძილზე მართლაც უპრეცენდენტო რეფორმა, რომელიც აძლევს დავაში მყოფ მხარეებს საშუალებას, თავად გადაწყვიტონ ერთმანეთს შორის არსებული კონფლიქტი, ანუ ეს გახლავთ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის გამოყენების შემთხვევაში, მხარეებს მოსამართლის გარეშე, თავად აქვთ უფლებამოსილება, მესამე დამოუკიდებელი და ნეიტრალური პირის - მედიატორის - დახმარებით მივიდნენ ორივე მხარისათვის მისაღებ შედეგამდე - შეთანხმებამდე.

„რ": ანუ, მედიაცია დაპირისპირებულ მხარეებს საშუალებას აძლევს თავად შეთანხმდნენ, სასამართლოს გარეშე?

ი.ყ: დიახ, სწორედ ასეა. სასამართლო უბრალოდ ავტომატურად დაადასტურებს მედიაციაში მიღწეულ შეთანხმებას, თუ ის შესაბამისია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების და გამოსცემს საქართველოს სახელით სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც შედის კანონიერ ძალაში.

„რ": ვისაც ამჟამად აქვს სასამართლოში დავა, მათაც შეუძლიათ მიმართონ მედიაციას?

ი.ყ: დიახ, გიდასტურებთ. ამის საშუალებას ახლადამოქმედებული კანონი ერთდროულად აძლევს პირებს, რომელთაც აქვთ მიმდინარე სასამართლო სამართალწარმოება. აქვე დავამატებ, რომ ამის ხარჯზე ცალსახად მოხდება სასამართლოს განტვირთვა. მოგეხსენებათ, განსაკუთრებით სამოქალაქო დავების მხრივ სასამართლო უკიდურესად არის გადატვირთული, და მხარეებს ზოგჯერ წლობით უწევთ მისი გადაწყვეტილების ლოდინი. მედიაცია ამ პრობლემას რადიკალურად შეამსუბუქებს.

ამ რეფორმის წარმატება არის წინაპირობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე უდიდესი ნაბიჯი, საზოგადოების მსოფლმხედველობის ცალსახა ცვლა, რა დროსაც დაძაბულობის რელსებიდან საზოგადოება გადაგვყავს ურთიერთშემწყნარებლობის რელსებზე, როცა მხარეებს აქვთ გააზრებული, რომ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას.

„რ": დროის ფაქტორი აქ რა როლს თამაშობს? დაახლოებით რა დრო სჭირდება მედიაციით დავის გადაჭრის პროცესს?

ი.ყ: მედიაციის ცალსახა უპირატესობაა, რომ ის არის დროში ძალზედ ხანმოკლე პროცესი, და არის ამასთანავე ნაკლებად ხარჯიანი, რაც მხარეებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს აბსოლუტურად კონფიდენციალური პროცესია, შესაბამისად, ჩვენს გაერთიანებას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი ამ მექანიზმის დანერგვის საქმეში საქართველოში და ჩვენ კარგად გვესმის და ვგრძნობთ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რაც ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული, ისევე როგორც სრულიად საზოგადოების მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან საქმეში და იმედს ვიტოვებ ჩვენ საერთო ძალისხმევით მივაღწევთ წარმატებას და მედიაცია ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ქვეყნის შემდგომ განვითარებაში.

„რ": როგორი დავების გადაწყვეტაზეა ორიენტირებული მედიაცია?

ი.ყ: ამ ეტაპზე „მედიაციის შესახებ" საქართველოს კანონი სამოქალაქო კატეგორიის დავებს უქვემდებარებს მედიაციას, თუმცა მე პირადად არ გამოვრიცხავ და ამ მიმართულებით დროსთან ერთად წავალთ, რომ საქმეთა კატეგორია უნდა გაფართოვდეს.

„რ": მედიასიითვის საჭიროა ორივე მხარის ჩართულობა - ანუ, ორივე მოდავე მხარე უნდა იყოს თანახმა მის გამოყენებაზე. როგორ ფიქრობთ, ბევრი იქნება ასეთი შემთხვევა?

ი.ყ: მედიაცია არის აბსოლიტურად ნებაყოფლობითი პროცესი, კერძოდ, სავალდებულოდ ორივე მხარე უნდა იყოს მედიაციის მოსურნე და უნდოდეს მედიაციის პროცესით დავის გადაწყვეტა. მე კარგად მესმის, რომ დიდია დღეისთვის გამოწვევა, თუ რამდენად იქნება საზოგადოება მედიაციის მომხმარებელი, თუმცა თუ ყველას სწორად და კარგად ავუხსნით და ყველა ინდივიდამდე მივიტანთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რაოდენ მომგებიანი და სასარგებლოა მათთვის, მათი ინტერესებისთვის მედიაციით დავის დასრულება, მერწმუნეთ მედიაცია განწირული იქნება წარმატებისთვის.

„რ": თუ გაქვთ უკვე შემოსული განაცხადები საქმეების განხილვაზე?

ი.ყ: შემიძლია მოგახსენოთ, რომ ტენდენცია ნამდვილად არის დამაიმედებელი, ამ ეტაპზე მიმდინარე ოცამდე სამედიაციო სესია მიმდინარეობს თბილისის, მცხეთის და რუსთავის სასამართლოებში, რაც პირველი თვისთვის ნამდვილად არ არის პატარა შედეგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×