თამარ შუკვანი
19.02.2020

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, ახალგორის ე.წ გადასასვლელი პუნქტი გახსნას. ყოფილ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილისთვის კი გაუგებარია, ეს საკითხი ხელისუფლებამ რატომ არ დააყენა ერგნეთის შეხვედრების დროს, რაზეც სამინისტროში „რეზონანსს" უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდეს და საკითხი დააყენეს ასევე ერგნეთში ტექნიკური ხასიათის შეხვედრებზე.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია - აქ მცხოვრებ ადამიანებს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმოსვლის შეზღუდვის გამო საკვების და მედიკამენტების დეფიციტი აქვთ.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, „გამშვები პუნქტის" დაკეტვა, წნელისთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებამ გამოიწვია და მისთვის გაუგებარია, რა სტრატეგიული მნიშვნელობისაა ამ ტერიტორიაზე საგუშაგოს დატოვება.

„საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო გარკვეული გადაწყვეტილება, რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ „გამშვებ პუქნტს" ახალგორთან დრო და დრო გახსნის. მათი განცხადებით, სანამ ქართული საგუშაგო იქნება წნელისთან, ისინი არ აპირებენ გახსნან მუდმივ რეჟიმში „გამშვები პუნქტი." ყოველ ორ თვეში ერთხელ 5-6 დღით გაიხსენება ახალგორის ე.წ გამშვები პუნქტი, რათა პენსიონერებმა აიღონ პენსია და ჯანმრთელობის გაუარესების გამო თბილისსა თუ გორში მკურნალობა ჩაიტარონ.

„არსებობს ინციდენტებზე პრევენციის და მათზე რაგირების მექანიზმი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა, რომ დაძაბული ვითარებები არ შექმნილიყო. ყველა საგუშაგო ერგნეთის შეხვედრების დროს განიხილებოდა. ჩემთვის არ არის მიუღებელი საგუშაგო, თუმცა მიუღებელი რამდენიმე ფაქტორი; ქართულმა მხარემ რატომ არ დააყენო ეს საკითხი და რატომ არ მოხდა განხილვა ერგნეთის შეხვედრებში. რატომ არის ეს საგუშაგო ასეთი მნიშვნელოვანი? - საგუშაგოების დაყენება მოდის შევარდნაძის დროიდან, 1992 წლიდან და იყო უამრავი საგუშაგო ორივე მხრიდან.

„რა სტრატეგიული მნიშვნელობის საგუშაგოა ასეთი, რომ ვერც მოქალაქეთა კავშირის ხელისუფლებამ და ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ განსაზღვრა ამის სტრატეგიულობა. თანაც, რატომ არ იყო განხილული, - თუ ამ საკითხებზე იქნება ლეგიტიმური და დამაჯარებელი პასუხები, ჩავთვლი, რომ ეს საგუშაგო უნდა იყოს იქ. ჩემთვის საგუშაგოს ყოფნა-არ ყოფნა კი არ არის მთავარი, თვითონ პროცედურები, როგორ მოხდა მისი განთავსება," - განუცხადა „რეზონანსს" ზაქარეიშვილმა.

სამინისტროდან „რეზონანსისთვის" მოწოდებულ ინფორმაციაში წერია, რომ ქართული საპოლიციო პოსტი, რომელიც წნელისთან დგას, გამონაკლისი არ არის და ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ ქართული საგუშაგოები თითქმის ყველგან დგას.

„საქართველოს ხელისუფლება ყველა ფორმატს იყენებს საკითხის მოგვარებისთვის, ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის საკითხი არის მთავარი თემა ყველა ფორმატში საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ერგნეთში ტექნიკური ხასიათის შეხვედრებზეც. ოკუპირებული ახალგორის საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა ჟენევის თანათავმჯდომარეებსაც, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თბილისში.

„რაც შეეხება ჩორჩანა-წნელისთან განთავსებულ ქართულ საპოლიციო პოსტს, ეს პოსტი არ არის გამონაკლისი, გამყოფი ხაზის გასწვრივ ქართული საგუშაგოები თითქმის ყველგან დგას. წნელისის საპოლიციო პოსტი, ისევე როგორც სხვა პოსტები, ზრუნავს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე," - წერია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×