თამთა ჩაჩანიძე
20.02.2020

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, იმის შესახებ, რომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ორ თანამდებობას შეთავსებით გაუძღვება და შინაგან საქმეთა სამინისტროს პარალელურად, ამიერიდან უკვე ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოსაც უხელმძღვანელებს, მმართველი გუნდი მიესალმება. ისინი აცხადებენ, რომ გომელაური მისი პროფესიონალიზმიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ორ თანამდებობას პარალელურ რეჟიმში წარმატებით გაუძღვება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იზორიამ თანამდებობა დატოვა, აღსანიშნავია, რომ იზორიაც უსაფრთხოების საბჭოსა და დაზვერვის სამსახურს შეთავსებით ხელმძღვანელობდა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა კობალაძე „რეზონანსთან" ვახტანგ გომელაურის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნას მიესალმება, იგი აცხადებს, რომ ამ სისტემაში დიდი ხანია მუშაობს, რომელიც ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტია და გამოცდილებაც შესაბამისი აქვს.

„ჩემი აზრით, კარგი არჩევანია, ბატონი ვახტანგი საკმაოდ დიდი ხანია მოღვაწეობს იმ სისტემაში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას და სამართლიანობის სისტემას უზრუნველყოფს, აქედან გამომდინარე, მისი ინფორმაციული უზრუნველყოფა, პრაქტიკული რესურსი მას გაცილებით უფრო მეტი აქვს.

„მითუმეტეს, ძლიერმა სახელმწიფო ინსტიტუტმა - შს სამინისტრომ, რომლის ხელმძღვანელი ბატონი ვახტანგია, მრავალი გამოწვევიდან და რეალობიდან გამომდინარე ანახა, რომ სახელმწიფოებრივად ორიენტირებული ინსტიტუტია და ყველაფერს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მისი პიროვნული თვისებებიც - ეს ყველაფერი ერთობლიობაში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ იგი ერთ-ერთი საინტერესო კანდიდატია.

„სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, მასთან ამ მიმართულებით შეხება მაქვს, ამიტომ ვიცი, თუ როგორ გათავისებული აქვს პასუხისმგებლობა, მისთვის ეს თანამდებობრივი განცალკევებული სივრცე არაა, ესაა ის მონაცემთა უზრუნველყოფის ბაზაა, რომელთანაც მას შეხება აქვს.

"აქედან გამომდინარე, მისთვის ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხებიც უცხო არაა, იმიტომ, რომ ის ამ ინფორმაციას ყველანაირად ფლობს და ამ სისტემაში საკმაო ხანია მოღვაწეობს" - განაცხადა კობალაძემ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დადგა აუცილებლობა იმისა, რომ უსაფრთხოების საბჭოს ეფექტური მუშაობისთვის ხელმძღვანელად გომელაური დანიშნოს.

„უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევა, იქნება გაზრდილი და ეფექტური", - განაცხადა გახარიამ.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს. მისი თქმით, უსაფრთხოების საბჭოს მდივნად გომელაურის დანიშვნა მისასალმებელია, რადგან ამ სექტორში მას დიდი გამოცდილება აქვს.

„მივესალმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაურის დანიშვნასთან დაკავშირებით. ბატონმა ვახტანგმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა - ღირსეული სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროში.

"მას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება, ინფორმაციაც და კარგად ფლობს სიტუაციას უსაფრთხოების სექტორში. მისი დანიშვნა მისასალმებელია. ჩვენ ერთად მთელ რიგ სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობა მოგვიწევს", - განაცხადა სესიაშვილმა.

ვახტანგ გომელაური შს მინისტრის პოსტზე გასული წლის სექტემბერში, მას შემდეგ დაინიშნა, რაც ამ უწყების აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. გომელაური მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×