
ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს „ქართული ოცნების" წევრ შოთა ხაბარელს, თუმცა როგორც „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, ამ შენობამ რაიმე ფუნქცია უნდა შეიძინოს. მისივე თქმით, განიხილებოდა საკითხი, რომ პარლამენტის ყოფილი შენობა სპორტული დანიშნულების უნდა ყოფილიყო.
„არ ვიცი, პირველად მესმის (მისი შესაძლო პრივატიზება). პარლამენტის ყოფილმა შენობამ რაღაც ფუნქცია უნდა შიეძინოს აუცილებლად. აბა, ისე ხომ არ იქნება? - რაც უფრო მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის, რაც უფრო უკეთესად ჩადგება ქვეყნის სამსახურშია, კარგია.
„მანამდე ძალიან ბევრი ვარიანტი განიხილებოდა და დღეის მდგომარეობით, ნამდვილად არ ვიცი, არ ვარ საქმის კურსში. სპორტული დანიშნულების უნდა ყოფილიყო, ან რაღაც ცენტრი. კიდევ სხვა ბევრი ვარიანტი განიხილებოდა. ეს არის შესწავლის საკითხი," - თქვა ხაბარელმა.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა. როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფუნქციოდ მყოფი შენობის პრივატიზებას გეგმავს. თუმცა, თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ „პარლამენტის ყოფილი შენობის საპრივატიზებოდ მომზადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ."
ცნობისათვის, პარლამენტი ქუთაისიდან დედაქალაქში 2019 წლის იანვრიდან დაბრუნდა, რის შემდეგაც შენობა ამ დრომდე უფუნქციოდ არის დარჩენილი.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.