
ყოფილი შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს „მატროსოვის" ციხის დატოვების შემდეგ მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ხელისუფლებას დაამხობენ, განმარტა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" არჩევნების გზით აუცილებლად შეიცვლება. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, ეს წამოცდენა იყო და ოპოზიციის მიზანი უცვლელი რჩება, - ხელისუფლება რევოლუციის გზით შეცვალონ, თუმცა, საზოგადოების საკმაოდ სოლიდური რაოდენობა „ნაციონალურ მოძრაობასთან" დადგომაზე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებზე არ ისურვებს.
„თუკი გულისხმობდა არჩევნებით დამარცხებას, იტყოდა კიდევაც ამას. ასე რომ, მაინც წამოცდენაა. „დამხობა" უფრო ჩვეული ლექსიკაა. ძალიან მძაფრი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში და ისეთი პოლიტიკოსებშიც, რომლებიც „ოცნების" კრიტიკოსები არიან. შემდეგ მოძებნა უფრო რბილი ვერსია, მაგრამ ამ ვერსიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
„გამოქვეყნებულია ერთ-ერთ სააგენტოში იმათი სია, ვინც მერაბიშვილის პერიოდში გარდაიცვალა, პოლიციასთან შეჯახების დროს, 70-მდე ადის ამ ადამიანთა რიცხვი. ეს ადამიანი დამხობას იტყვის თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს? - ადამიანი, რომელსაც ამდენ სისხლზე ერთი ბოდიში არ წამოცდენია. მიშა რომ მიშაა, ის ამბობს რაღაც შეგვეშალაო. ე.ი. იგივეს გააგრძელებს, რასაც აკეთებდა, როდესაც ხელში ძალაუფლება ეკავა," - თქვა საყვარელიძემ.
4 აპრილს ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" კვლავ ექნება მცდელობა ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით შეცვალოს, როგორც ეს, მისი თქმით, 20 ივნისს მოხდა.
„ბევრი ანონსირება ვნახეთ დიდი აქციისა და იმისა, რომ ამ აქციამ შეიძლება მიგვიყვანოს რევოლუციური გზით შეცვლაზე. შემდეგ კი უარი თქვეს, მაგრამ პარლამეტში შესვლის მიზეზიც ეს იყო, რომ დამთავრებულიყო „ოცნების" ხელისუფლება. სააკაშვილმა უსაყვედურა თავისიანებს, როგორ გაუშვით ეს შანსი ხელიდანო.
„იდეა იმისა, რომ არჩევნების გვერდის ავლით მიიღონ ხელისუფლება, სულ ტრიალებს მათთან და ასე იქნება მომავალშიც, რადგან საკმარისი რეიტინგი არ აქვთ. თუმცა, ამას ვერ ახერხებენ, რადგან მოსახლეობა ამ მოწოდებას არ მიყვება. „ნაციონალური მოძრაობის" გვერდით დადგომა მიუღებლად მიაჩნიათ. მერაბიშვილზეც გამოჩნდა ეს, თვითონ ოპოზიციის წევრებმაც კი თქვეს, მის გვერდით დადგომა მიუღებელიაო," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან."