
ოპოზიციონერი ლიდერების საკმაოდ სოლიდური ნაწილი ექსპრემიერთან და ყოფილ შს მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან გაერთიანების კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა „რეზონანსს" უთხრა, მერაბიშვილი არცერთ პოლიტიკური პარტიაში არ არის გაერთიანებული, შესაბამისად ვერც 21 თებერვალს, ოპოზიციის მიერ გამართულ შეხვედრას დაესწრებოდა.
„პირადად ჩემი დამოკიდებულება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, ასევე ნეგატიურია. რაც შეეხება მის შესაძლო შეერთების საკითხს, ეს არის პოლიტიკური პარტიების მოლაპაკების მაგიდა, რადგან ის არ არის პოლიტიკურ პარტიაში, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას ვერ დაესწრებოდა.
„ჩვენ პარტიას რომ არ შუერთდება, ნამდვილად ვიცი. სხვა პარტიებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით," - თქვა ჩხარტიშვილმა.
ცნობისათვის, „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა გაიმართა.
მანამდე მსგავსი განცხადება ნინო ბურჯანაძემაც გააკეთა.
„მე მგონია, მოლაპარაკების ამ მაგიდასთან ბატონი ვანო არ მოვა, იმიტომ, რომ აქ არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერები და იმედი მაქვს, რომ თავისი მოსვლით უხერხულობას არავის შეუქმნის," - ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტების კითხვას, დაჯდება თუ არა ვანო მერაბიშვილთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან საარჩევნო ცვლილების შესახებ.