
"ხელისუფლება მიხვდა, რომ მარტო რჩებოდა და რაიმე სახარბიელო პერსპექტივა აღარ ჰქონდა, ამიტომ გასაგებია დაიწყოს ოპოზიციაში არამყარი ბუნების და შედარებით იოლად დამყოლი ლიდერების გამორჩევა. რას გააკეთებს ოპოზიცია, არ ვიცი, მაგრამ არ მჯერა, რომ ისინი მყარ ერთიან პრაგმატულ პოლიტიკას ითამაშებენ" - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მმართველი გუნდის მზაობას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართოს ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან.
"ცხადია, ხელისუფლებისთვის უფრო რთულია ერთ პოზიციაზე მყოფი ოპოზიციის განეიტრალება. თანაც მიხვდა, რომ მარტო რჩებოდა და რაიმე სახარბიელო პერსპექტივა აღარ ჰქონდა, ამიტომ სრულიად გასაგებია, რომ დაიწყოს ოპოზიციაში შედარებით დამყოლი ლიდერების გამორჩევა და მათი მეშვეობით გაახმოვანოს მისთვის სასურველი წინადადებები. რას გააკეთებს ოპოზიცია, არ ვიცი, მაგრამ არ მჯერა, რომ ისინი მყარ ერთიან პრაგმატულ პოლიტიკას ითამაშებენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი პოზიცია აქვთ - ხელისუფლების შევიწროვება.
აქამდე ოპოზიცია სერიოზულ პოლიტიკურ მიზნებს ნაკლებად ისახავდა, მას აწყობდა ოპოზიციონერობა გარკვეულ პერიოდამდე, სანამ რაიმეს არ შესთავაზებდა ხელისუფლება და ამით მთავრდებოდა პრაქტიკულად ოპოზიციონერობა. დღეს ოპოზიციას აქვს ერთადერთი სერიოზული რესურსი, ეს არის ორგანიზება, ძალიან ხისტი პოლიტიკური მენეჯემენტი და თავის რიგებიდან შტრეიკბრეიხერების გამორიცხვა, რომლებიც მალე სულ წინა ხაზზე გამოვლენ და დაიწყებენ აქეთ-იქით სირბილს, როგორც სჩვევიათ.
საქართველოში არჩევნები ყოველთვის არის დესტაბილიზაციის წყარო და საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების მიღწევის პროცესი, არის კონფრონტაცია და არა საღი ძლიერი ოპონირება, ანუ წმინდა პოლიტიკური ინტერსები და მეტი არაფერი, ყველა პრობლემა კი რაც არის ქვეყანაში კვლავ რჩება. ამიტომ 100/50-ზე, 77/73-ზე თუ 125/25-ზე ეს არ არის საუბრის მთავარი თემა და არანიარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან სისტემაა თვითონ მახინჯი და არამყარი.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ 4 აპრილის საპროტეტსო აქციას, თუ ოპოზიცია ორგანიზებულად სერიოზულ საპროტეტსო აქციას გამართავს, ეს საკმაოდ რთული მომენტი იქნება ხელისუფლებისთვის. ამიტომ ვურჩევდი ხელისუფლებას აქამდე ნუ მიიყვანს საქმეს და შემთხვევით ფაქტორზე არ დაკიდოს პროცესების განვითარება. პოლიტიკაში კომპრომისი ყოველთვის კარგია, ამიტომ გონივრული კომპრომისს სისუსტედ არავინ ჩაუთვლის. ამიტომ არ მესმის რას მოუტანს ეს სიჯიუტე ხელისუფლებას? მის საქციელში პრაგმატული პოლიტიკური გათვლები და ნაბიჯები არ იკითხება" - განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.