ელზა პაპოშვილი
21.02.2020

რას ნიშნავს საქართველოზე რუსეთის მხრიდან მასშტაბური კიბერთავდასხმა და რა უნდა  მოიმოქმედოს ქვეყანამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ არ განმეორდეს. ეს კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც 20 თებერვალს, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო დაადანაშაულა 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, საკრებულოების და სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე განხორციელებულ კიბერშეტევაში.   

საქართველოზე 2008 წლის შემდეგ , ყველაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაფიქსირდა 2019 წლის ოქტომბერში, როდესაც ჰაკერებმა მოახერხეს ქართული ჰოსტინგ პროვაიდერის, Pro Service-ის ინფრასტრუქტურაში შეღწევა.

ჰაკერებმა შეაღწიეს კომპანიის სერვერზე და ასე შეძლეს წვდომა მოეპოვებინათ სხვადასხვა საიტებზე, რომლებიც პრო სერვისის ინფრასტრუქტურაში იყო განთავსებული. მათ მრავალი საიტის მთავარი გვერდი შეცვალეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურათით, რომელსაც ჰქონდა წარწერა „მე დავბრუნდები“ . ფაქტია, რომ თავდამსხმელს ჰქონდა პოლიტიკური მესიჯი. 

დიდი ალბათობით,  როგორც სპეციალისტები ამბობენ, არ იყო გამოყენებული რაიმე მაღალი დონის შეტევა. გარდა ამისა, ჰაკერს შეეძლო ბევრად დიდი ზიანის მიყენება, თუმცა ამ პოლიტიკური მესიჯით შემოიფარგლა. რეალურად დაზარალდა სამასამდე ვებსაიტი, ყველა მათგანი ნორმალურ საოპერაციო მდგომარეობას სამი დღის ვადაში დაუბრუნდა. 

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს მიმართ განხორციელებულ კიბერშეტევაში რუსულ კვალის არსებობას ადასტურებს. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან და კოლეგებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმისათვის, რომ განმეორებითი კიბერშეტევის შემთხვევაში სწრაფადვე მოხდეს რეაგირება და შესაძლო ზიანის თავიდან აცილება.

"რუსული კვალი იყო ამ ყველაფერში. ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა და ამაზე განცხადება ოფიციალურმა სახელმწიფომ უკვე გააკეთა. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რომ არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა, თუ მოხდება მოხდეს იქვე ჩაკეტვა ასე ვთქვათ და სივრცეში არ შემოვიდეს, არ დააზიანოს ესა, თუ ის მიმართულება," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევა იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი იყო, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს. მათი თქმით ეს იყო დატესტვა, თუმცა აუცილებლად დასადგენია რა სახის ინფორმაციის მოპოვება და წაღება მოახერხეს. „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე მიიჩნევს,  რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, რაც დაფიქსირდა კიდევაც. რაც შეეხება მომავალში მოსალოდნელია თუ არა მსგავსი შეტევები, სიხარულიძე ამბობს, რომ რა თქმა უნდა მოსალოდნელია. ამას კი განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში ელის. 

„დარწმუნებული ვარ და აქედანაც ჩანს, რომ რუსეთს აქვს თავისი გეგმები ჩაერიოს საქართველოში არჩევნებში. რუსეთის უშიშროებისა და რუსეთის სახელმწიფოს ხაზია, რომ დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებში ჩაერიოს და არა მხოლოდ არჩევნებში, არამედ ზოგადად სხვადასხვა რადიკალური ჯგუფების მხარდასაჭერადაც. ასეთი ტიპის ჩარევების მიზანია ძირითადად საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავება, საზოგადოების ფრაგმენტაცია, ფრაგმენტირებული საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირების გაღრმავება. ეს არის ის მოქმედებები, რომელსაც რუსეთი იყენებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და აშკარაა, რომ სწორედ ეს მიმართულება არის რუსეთის საინფორმაციო ომის ძირითადი მიმართულება, რაც საბოლოო ჯამში, მიზანად ისახავს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და ზოგადად უნდობლობის გაჩენას დემოკრატიული პროცესისადმი,“- განაცხადა დავით სიხარულიძემ.

“საქართველოს კიბერუსაფრთხოების აკადემიის” დამფუძნებელი ვლადიმერ სვანაძე კი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი თავდასხმის მიზანი საქართველოს კიბერსივრცის ინფრასტრუქტურის შემოწმება, სუსტი და მოწყვლადი ადგილების გამოვლენაა.  

„მიუხედავად იმისა, რომ ნატომ კიბერდომეინი დაპირისპირების მეხუთე სივრცედ აღიარა, საქართველოს მთავრობა ამ საკითხს საკმარისად მნიშვნელოვნად არ აფასებს. არ ხდება რისკების შეფასება და პრიორიტეტების დასახვა, 2019 წლის იანვრიდან დღემდე ჯერ კიდევ არ არის მიღებული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია. სხვანაირი მიდგომაა საჭირო, უნდა შეიქმნას ერთიანი კონცეფცია, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორი ერთად შეიმუშავებს. ისიც საგულისხმოა, რომ სახელმწიფომ კრიტიკული საიტები უფრო მეტად დაცულ სერვერებზე უნდა განათავსოს. ” – აღნიშნავს ვლადიმერ სვანაძე. 

საქართველოზე ასეთ მასშტაბურ კიბერთავდასხმას საერთაშორისო დონეზეც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოში ევროკავშირის ელჩი  კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირი გმობს 2019 წლის ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებულ მიზანმიმართულ კიბერშეტევას და გამოთქვამს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მზადყოფნას, გააგრძელონ დახმარება საქართველოს კიბერმედეგობის გასაზრდელად.

"კიბერსივრცე ყველას მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვთავაზობს, თუმცა სერიოზულ და მზარდ გამოწვევებსაც გვიქმნის. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები შეშფოთებულნი არიან იმ მავნე ქცევის გამო, რაც კიბერსივრცეში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უგულებელყოფს. მსოფლიოში მზარდი კიბერსაფრთხეების   გათვალისწინებით, ამ ახალ რეალობასთან უკეთ გასამკლავებლად ევროკავშირმა ბევრი ინსტრუმენტი შეიმუშავა, რომელიც ჩვენს პარტნიორებსაც მოუტანს სარგებელს”, - განაცხადა ელჩმა.   

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმიანება. ის მიიჩნევს, რომ უნდა მოხერხდეს კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის უზრუნველყოფა.

"საქართველო კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა, რამაც ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ინსფრასტრუქტურა დააზიანა. ევროკავშირი კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის უზრუნველყოფისა და ხელშეწყობისკენ მოუწოდებს. გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას კიბერმედეგობის განმტკიცების საქმეში,“ - წერს ბორელი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×