როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, როდესაც მათ უკვე ჩამოწერილი სესხის გადახდას სთხოვენ?
თამარ მუკბანიანი
21.02.2020

სესხის ამომღები რამდენიმე კომპანია, ,,ქართუ ფონდის" განულებულ ვალს მოსახლეობას ხელმეორედ სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე ერთ კვირაზე მეტია სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება “პრობლემურ მსესხებელთა უფლებადამცველი ასოციაცია” მოქალაქეებს მიმართავს, რომ აიღონ სესხის განულების ცნობა, სადაც გარკვევით იქნება ნათქვამი, რომ მათ ამა თუ იმ კომპანიის დავალიანება აღარ აქვთ. იგივე რეკომენდაცია მისცა ყოფილ მევალეებს ,,ფონდმა” ქართუმაც ,,რეზონანსთან” საუბრისას. 

ასოციაცია განცხადებას ავრცელებს,სადაც აღნიშნულია, რომ ამომღებმა კომპანიებმა განულებული სესხების თავიდან მოთხოვნა დაიწყეს.არაერთი კონკრეტული მაგალითის შესახებ ჰყვებიან თავად მოქალაქეებიც. 

მთავრობამ 2018 წლის დეკემბერში, სესხების განულება დააანონსა. მაშინ გაჟღერდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხებოდა ყველა იმ პირს, რომელსაც 2000 ლარამდე, პრობლემური სესხი ჰქონდა. სესხების განულება ე.წ. შავ სიაში არსებულ 600 000 მსესხებელს შეეხო, რომელთაც ერთ წელზე უფრო მეტად ვადაგადაცილებული სესხები ჰქონდათ. 

ახლა მოქალაქეები, რომლებსაც სესხის მეორედ გადახდას სთხოვენ, ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობენ, ,,რეზონანსს” არა ერთი ასეთი მოქალაქე უკავშირდება. 

,,სასამართლოში მაქვს საქმე ბანკის 3 სესხზე. ვალი.გე-ს ვებ-გვერდზე აღმოვაჩინე ეს სამი განულებული სესხი . ბანკში დავრეკე, ვიკითხე და მიპასუხეს რომ ორი გამოითხოვეს სასამართლოდან და მესამე დარჩა და დავა მიმდინარეობს. ახლა რა გავიგო? აპლიკაციაში 3 წერია. მირჩიეთ ვის მივმართო, რომ გავარკვიო", - გვწერს მოქალაქე. 

რედაქციას ეკითხებიან სად უნდა მივიდნენ, რომ აიღონ ცნობა სესხის განულების შესახებ, რადგან მათ უკვე მეორედ სთხოვენ გადაიხადონ ,,ქართუს” მიერ ერთხელ უკვე გადახდილი თანხა. როგორც ჩანს, სწორედ ინფორმაციის ნაკლებობით სარგებლობენ სესხის ამომღები კომპანიებიც და იმ იმედით, რომ ვინმე მეორედაც გადახდის, აქტიურად უკავშირდებიან მოქალაქეებს.

პრობლემების შესაძლო არსებობას აღიარებს პრობლემური აქტივების ბიურო. ადვოკატ მარიკა არველაძის თქმით, სწორედ აქედან უკავშირდებიან მოქალაქეებს. 

კომპანიის დირექტორი ნიკა ეზუგბაია კი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შეუძლებელია, რომელიმე სესხის ამომღებმა კომპანიამ მომხმარებელს სესხის გადახდა ხელმეორედ, შეგნებულად  მოსთხოვოს.

 „როდესაც სესხი იხურება, ჯერ იხურება პროგრამაში, შემდეგ იგზავნება "კრედიტ ინფოში" და ა.შ. რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდა ისეთი გამონაკლისი და ტექნიკური ხარვეზი, რომ თუნდაც ჩვენმა  კომპანიამ ან სხვა კომპანიამ კლიენტს დაურეკა და  ამის შესახებ უთხრა. ეს შემთხვევითობაა. 

ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ კლიენტი მოსულიყო ან მისი წარმომადგენელი დაგვკავშირებოდა, აეხსნა რომ სესხი დახურულია და პრობლემა არ მოგვარებულიყო. ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია. აბსურდია იმაზე საუბარი, რომ კომპანია ავალებს თავიანთ თანამშრომლებს ხელახლა დაურეკოს ადამიანს. ეს ჩვეულებრივი კანონდარღვევაა და ამას არავინ იზამს. ყველა სესხი, რომელიც ნულდება, იყიდება, გადაიყიდა თუ რაც მოხდება, ყოველ კვარტალური ანგარიში ეროვნულ ბანკში, ჩაშლილი სახით მიდის“ - განაცხადა ნიკა ეზუგბაიამ.   

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართუს მიერ ერთხელ უკვე განულებულ სესხებს, მეორედ სთხოვენ მოსახლეობას. პერიოდილად ასეთი თაღლითური მოთხოვნით ყოფილ მევალეებს სესხის ამომღები კომპანიები უკავშირდებიან ხოლმე. 

მოქალაქეებს ცნობის აღება რომ სესხი ნამდვილად განულებულია კრედიტ ინფოში შეუძლიათ, ხოლო თუ სურვილი აქვთ ჰქონდეთ დამატებითი საბუთი, "ქართუს" ოფისში უნდა მივიდნენ და ისინი, უპრობლემოდ გასცემენ აღნიშნულ ცნობას. ეს ინფორმაცია "რეზონანსს" უშუალოდ ფონდში მიაწოდეს. 

“როგორც იყო დაანონსებული ზუსტად იმ რეჟიმში  საიტიც მუშაობდა მთელი წლის მანძილზე  და ისიც მითითებული იყო, რომ შეწყვეტდა ფუნქციობას  წლის ბოლოს და ასეც მოხდა. "ქართუმ" ყველა ვალი, რომელიც ვალი.გე-ზე იყო  დაფიქსირებული, გაანულა, გადაიხადა და დაასრულა ეს პროცესი. 

ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს ინტერესი გადაამოწმოს მისი  დავალიანების სტატუსი, შეუძლია მიმართოს ორგანიზაცია "კრედიტ ინფოს", სადაც თითოეულ ფიზიკურ პირს, რომელსაც რაიმე ვალი ჰქონდა  შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია და  ნახოს ცნობა, სადაც იქნება აღწერილი რომელი დავალიანებაა აქტიური და რომელი შეწყვეტილი. 

ვისთვისაც მსგავსი ცნობა არ არის საკმარისი და დამატებით სურს  დადასტურება, რომ ნამდვილად "ქართუმ" გადაიხადა,  შეუძლიათ ჩვენთან მოიტანონ  განაცხადი და გავცემთ წერილობით ცნობას, რომ  ნადვილად "ქართუმ " კონკრეტული ვალი  პროგრამის ფარგლებში გაანულა”, - განუცხადეს ,,რეზონანსს” ფონდში, რომელმაც 2 000 ლარამდე, ვადაგადაცილებული სესხები საპრეზიდენტო არჩევნების წინ სრულად დაუფარა მოსახლეობას. 

ეს არ თაღლითობა სხვისი ქონების დასაუფლებლად, - ასე აფასებს ვითარებას  ,,ახალგაზრდა ადვოკატების” დამფუძნებელი, არჩილ კაიკაციშვილი და მოქალაქეებს ურჩევს, სესხის ამომღები კომპანიების მოთხოვნები წერილობით დააფიქსირებინონ, მათ ვინც სესხს სთხოვს. 

"აღნიშნულის შესახებ არც მსმენია და ორგანიზაციაშიც არ არის მსგავსი დავები წარმოებული, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, საკითხი საყურადღებოა. 

მოქალაქეებმა, წერილობითი ფორმით უნდა მოითხოვონ ამომღებული კომპანიის მხრიდან ოფიციალური ტექსტი, სადაც აღწერილი იქნება თუ რა იურიდიული საფუძვლით ხდება განულებული სესხის მეორედ მოთხოვნა. 

თუ რომელიმე ნაკლებად ინფორმირებული მოქალქე, გადაიხდის ვალს ხელმეორედ, ამ შემთხვევაში ადგილი ექნება, კომპანიის უსაფუძვლო გამდიდრებას და მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია, კომპანიას  უკან მოსთხოვოს თანხის დაბრუნება. 

ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია მომხმარებლებმა წერილობითი სახით მოაწერინონ მოთხოვნა ამომღებ კომპანიებს. მეორე მხრივ ასეთმა მოქალაქეებმა კარგი იქნება მთავრობას მისწერონ წერილი, როგრც ინიციატივის ავტორს. 

საერთო ჯამში, მოთხოვნა არის სრულიად უკანონო და უსაფუძვლო და ასეთი მოთხოვნები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ფაქტობრივად, ეს არის თაღლითობა, სხვისი ქონების დასაუფლებლად”, - განუცხადა არჩილ კაიკაციშვილმა ,რეზონანსს”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×