თამარ შუკვანი
22.02.2020

„ქართული ოცნებიდან" პროტესტის ნიშნად წასული დეპუტატის, სოფიო ქაცარავას დანიშვნა ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძისთვის გაუგებარია, თუმცა, ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მანამდე მიიღო, სანამ ქაცარავა საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებდა.

„მეტ-ნაკლებად გაუგებარია ეს მოვლენა. შეიძლება მანამდე იყო გადაწყვეტილი მისი დანიშვნა, სანამ (უმრავლესობას) დატოვებდა. ინერციით გადაწყვეტილება აღსრულდა დღეს - ერთადერთი ლოგიკური ვერსია ეს მეგულება.

„მმართველ პარტიას ყოველთვის აქვს ტენდენცია თავისი ერთგული პირები მიავლინოს საელჩოებში, რადგან უცხოეთში ის პოლიტიკა გაახმოვანონ და გაატარონ, რომელსაც მმართველი პარტია ეწევა," - თქვა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსთა წრეებში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება" დიპლომატიურ კარიერას მისი ყოფილი წევრების გასაჩუმებლად და მოსასყიდად იყენებს, არ იზიარებს, რადგან, მისი თქმით, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას სხვა უფრო რადიკალური პოზიციის მქონე რომელიმე დეპუტატის გაშვება მოუწევდა ელჩად.

„ჩვეულებრივი პროცედურები იყო ელჩების ჩანაცვლების. ერთადერთი ქაცარავასთან დაკავშირებით შეიძლება ამოტივტივდეს ის ვერსია, რომ ის გასაჩუმებელი გახდა, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო „ხმამაღლა მყოფი" დეპუტატები იყვნენ წასული „ოცნებიდან" და მაშინ იმათ გაუშვებდნენ. გაჩუმების მოტივი ქაცარავასთან არ მუშაობს, ის გასაჩუმებელი არ იყო, უბრალოდ უარი თქვა „ოცნებაში" ყოფნაზე," - თქვა საყვარელიძემ „რეზონანსთან.

ცნობისათვის, სოფიო ქაცარავამ „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დატოვა, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

ამასთან, 16 ნოემბერს ქაცარავამ პარლამენტის წევრის მანდატიც დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×