
„საქართელოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული, ხოლო იმ ქვეყნიდან, სადაც კორონავირუსის საშიშროება არსებობს, ჩამოსული ყველა პირის მდგომარეობას ვიკვლევთ, მათ შორის ირანიდან შემოსულებს უტარდებათ სკრინინგი", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ირანი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ კორონავირუსი, სავარაუდოდ, ირანის მთელს ტერიტორიაზეა გავრცელებული.
იმნაძის თქმით, ირანიდან შემოსული მოქალაქეები მოწმდებოდნენ და ახლაც შემოწმდებიან, ხოლო „რეზონანსის" კითხვაზე, იგეგმება თუ არა შეზღუდვების დაწესება ირანთან მიმოსვლის თვალსაზრისით - ავიამიმოსვლის ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვა - პაატა იმნაძემ არ უპასუხა.
აღსანიშნავია, ორმ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად მოთავსებული ირანის სამი მოქალაქიდან ორს ახალ კორონავირუსზე ტესტირებას ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები ჩაუტარებენ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, სამი მოქალაქიდან ორს - 8 და 13 წლის მოზარდებს - ტემპერატურა აქვთ, ხოლო მათ დედას რაიმე სიმპტომები არ აღენიშნება. ეზუგბაიას განცხადებით, ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბავშვებს პნევმონია არ აქვთ და მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ კორონავირუსი თითქმის მთელ ქვეყანასაა მოდებული მათ შორის ისეთ მსხვილ ქალაქებს, როგორიცაა ყუმი, თეირანში, ბაბოლში, არაკში, ისპაანში და სხვა ქალაქები. ოფიციალური ცნობით, ირანში კორონავირუსით 5 ადამიანია გარდაცვლილი.
21 თებერვალს ირანში საპარლამენტო არჩევნები გაიმარა. მედიაში ვარაუდობენ, რომ ინფორმაციას კორონავირუსის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელების შესახებ ირანის ოფიციალური პირები აქამდე სწორედ ამიტომ არ ასაჯაროებდნენ. ირანში, ოფიციალური ცნობით, ამ დროისთვის კორონავირუსით 5 ადამიანი დაიღუპა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენრტის დირექტორის მოადგილის თქმით, საქართელოში ჩამოსულ პირებს, რომლებიც შესაძლოა კორონავირუსის მატარებლები იყვნენ, შემოწმება უტარდებათ, მათ შორის ირანიდან ჩამოსულებსაც:
„ყველა პირის მდგომარეობას ვიკვლევთ, რომელიც იმ ქვეყნიდან ჩამოდის, სადაც კორონავირუსის საშიშროებაა. ამ ირანელი ბავშვების ჯანმრთელობა კონტროლის ქვეშაა ისევე, როგორც ნებისმიერის, ვის გამოც საშიშროება იქნება. როგორც კი გამოჩნდა შემთხვევა, რომ კორონავირუსი ირანში გავრცელდა, მას შემდეგ ირანიდან შემოსულებს უტარდებათ სკრინინგი", - ამბობს იმნაძე.
მისივე განმარტებით, ამჟამად საქართველოში კორონავირუსი არაა დაფიქსირებული:
„საქართელოში სიწყნარე და სიმშვიდეა. საქართელოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული, ხოლო სხვა ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის გამოც შესაძლოა საფრთხე შეიქმნას, გამოვიკვლევთ", - დასძინა პაატა იმნაძემ.