თამარ შუკვანი
22.02.2020

„ბრეჟნევსა და ივანიშვილს შორის პირდაპირ თანაკვეთას ვერ ვპოულობ. როდესაც ახალგაზრდული ფრთა ასეთ კამპანიებს ატარებს, ძირითადად თანატოლებზეა ორიენტირებული. რამდენად ეფექტური შედარებაა და რას აძლევს ივანიშვილის ბრეჟნევთან შედარება ახალგაზრდა თაობას, ამის თქმაც საკმაოდ რთულია," - ასე აფასებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია 22 თებერვალს „ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მიერ გამართულ აქცია-პერფორმანსს „ნუ დაემსგავსები ივანიშვილს და ბრეჟნევს."

მისი თქმით, პირდაპირი თანაკვეთა ამ პერსონას შორის არ არსებობს, თანაც, ახალგაზრდა თაობის დიდ ნაწილს ბრეჟნევის შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვს, ან საერთოდ არ იცის ვინ იყო.

„ვერ ვიტყვი, რომ ეს სიახლეა საპროტესტო კამპანიების შინაარსში. ზოგადად, იმისათვის, რომ ამ კამპანიებს ჰქონდეს ეფექტი, არის რამდენიმე ფაქტორი. ერთ-ერთი არის მწარმოებლის სტატუსი და როლი, მეორე - შინაარსობრივი სიახლე. ეს უფრო იმ კამპანიების გაგრძელებაა, რომელსაც ვხედავთ სამოქალაქო აქტივიზმში საპროტესტო აქციების კუთხით. ერთი მხრივ, საჭიროა გარკვეული საპროტესტო აქტივობები. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამ საპროტესტო კამპანიებს განსაკუთრებული შედეგი აქვს.

„ასეთი შედარებისთვის ბრეჟნევის მოყვანა არ არის მაინცდამაინც განსაკუთრებულად ეფექტური, რადგან იგი თავისი ეპოქის, ანუ კომუნისტური საზოგადოების, ტიპური წარმომადგენელი იყო და არ ითვლებოდა ყველაზე ნეგატიურ ლიდერად, რაც კი კომუნისტურ პარტიას ჰყავდა.

„რამდენად მომგებიანია ასეთი პერსონიფიცირება, მითუმეტეს ისეთი თაობისთვის, რომელთაც ნაკლები ინფორმაცია აქვს, არ ვიცი," - უთხრა „რეზონანსს" არჩილ გამზარდიამ.

„ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა 22 თებერვალს მეტრო „რუსთაველთან" საინფორმაციო აქცია-პერფორმანსი გამართეს და მოქალაქეებს ფლაერებს დაურიგეს.

„ნუ დაემსგავსები ბრეჟნევს, იყავი თავისუფალი" - ეს იყო აქტივისტების მთავარი სლოგანი. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა საბჭოთა კავშირად აქცია.

ამასთან, 4 აპრილს ოპოზიცია ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას აანონსებს. სწორედ ამ აქციაზე წარადგენს იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×