
საჩხერეში, სოფელ ჭალაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის მოზარდი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მას მამის მკვლელობა ედება ბრალად. მკვლელობა 18 თებერვალს მოხდა, ახლობლების ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა მძინარე მამა სანადირო თოფით მოკლა და შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, სარდაფში დამალა. მათი აზრით, მას გვამის თავიდან მოცილება ჰქონდა გადაწყვეტილი და მის გადაგდებას მდინარეში აპირებდა.
მოზარდს დედა 10 წლის წინ გარდაეცვალა, მისი ძმა კი ქურდობის ბრალდებით პატიმრობას იხდის. როგორც ბრალდებულის ახლობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, ბავშვს მამასთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია, პირიქით, 51 წლის გელა კიპაროიძემ შვილები ობლობაში მარტომ დაზარდა. მათთვის გაუგებარია რატომ ჩაიდინა ეს სასტიკი დანაშაული მოზარდმა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში - ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო.
როგორც დაკავებულის ბიცოლა მარეხი პაპიძე „რეზონანსთან“ ამბობს, მამის გაუჩინარების შემდეგ მის მოსაძებნად ბიჭი მეზობლებთან ერთად ტყეში წავიდა. მას უშედეგოდ 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბიჭი აცხადებდა, რომ მამა სანადირო თოფით ტყეში წავიდა და ის ნასვამ მდგომარეობაში იყო. ამიტომაც ეშინოდა, რომ რაღაც მოუვიდა.
დაკარგული მამაკაცის ცხედარი კი მოგვიანებით სახლის სარდაფში იპოვეს. მკვლელობა ღამის 2 საათზე იმ დროს მოხდა, როდესაც მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდნენ. ბიცოლა მათ შორის შელაპარაკების მიზეზად მობილური ტელეფონის დალომბარდებას ასახელებს. გელა კიპაროიძემ შვილს განვადებით ტელეფონი გამოუტანა, რომელიც მოგვიანებით მოზარდმა დაალომბარდა და ამის გამო მას მამამ უსაყვედურა.
მეზობლების ინფორმაციით, მოზარდი სავარაუდოდ დაელოდა, რომ ნასვამ მამას დასძინებოდა და შემდეგ მძინარეს სანადირო თოფით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ ლეიბითვე მიცვალებული კიბეებზე ჩამოიტანა და სახლის სარდაფში დამალა. თუმცა მეზობლებმა სახლის დაბლა ეზოში სისხლის კვალი შემაჩნიეს და სწორედ ამის შემდეგ დაეჭვდნენ, რომ ბიჭი რაღაცას იტყუებოდა.
„მამა-შვილს შორის ისეთი არაფერი კონფლიქტი არ ყოფილა. როგორც თავდ ამბობს, არც გაულახია. უბრალოდ ტელეფონის გამო უსაყვედურია - „რომ გათენდება, მერე დავილაპარაკოთო“. ეს საწყალი კაცი ობლობაში ზრდიდა შვილებს. 10 წელია რაც ცოლი გარდაეცვალა. ზედ ყვებოდა, ყველა სურვილს უსრულებდა. არ ვიცით ასეთი რა გადაუტრიალდა თავში, არც იმას გამოვრიცხავთ, რომ მოწეული ყოფილიყო და გონება გადაუტრიალდა.
„ღამის 2 საათზე მოუკლავს. დილით უბანში გამოვიდა და ტიროდა მამაჩემი დაიკარგაო. სანადიროდ წავიდა წუხელ ნასვამი და არ დაბრუნებულაო. ბიჭები წავიდნენ ტყეში. მეტრამდე თოვლი იყო, საერთოდ ნაკვალევიც ვერსად ნახეს. მივხვდით, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მერე უბანში დადიოდა, ვითომ ძალიან ნერვიულბდა. მეზობლის ბიჭებიც დაეჭვდნენ და სახლის დათვალიერება დაიწყეს. კიბეებზე სისხლის კვალი შენიშნეს და გაჰყვნენ.
„სარდაფამდე მივიდნენ, ჩავიდნენ იქ და საშინელი სურათი დახვდათ. მკვდარი ლეიბითვე იყო შეტენილი. ბავშვი მოწეული იყო, მთვრალი იყო, რა მდგომარეობაში იყო - არ ვიცი. მანამდე არაფერი შემიმჩნევია. უნიჭიერესი ბავშვი იყო. გააბრუა ამ მოწევამ თუ რა ქნა, არ ვიცი“, - ამბობს მოზარდის ბიცოლა მარეხი პაპიძე „რეზონანსთან".
სკოლაში მოზარდის შესახებ აცხადებენ, რომ საკმაოდ რთული ბავშვი იყო, რომლესაც თანატოლებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია უჭირდა, თუმცა ამას მის ობლობას აბრალებდნენ. მიუხედავად ამისა, მოზარდის ქცევაში მასწავლებლებს რაიმე სახის აგრესია არ შეუმჩნევიათ. მათთვისაც გაუგებარია მან ამ სისასტიკის დანაშაული რატომ ჩაიდინა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.