
საქართველოს საერთაშორისო ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბებასთან ერთად, ბოლო დროს ერთი უსიამოვნო ტენდენცია შეიმჩნევა - ტურისტებისგან არანორმალურად დიდი თანხების გამოძალვა სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ბარებსა და რესტორნებში და ყოფელ ასეთ შემთხვევას ყოფეთვის თან სდევს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მეტიც, გასულ კვირას გუდაურში მომხდარი გახმაურებული მკვლელობაც, არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ერთ-ერთ მსგავს შემთხვევას მოყვა.
ტურისტების ასეთი ძარცვის ბოლო ხმაურიანი შემთხვევა კი ორიოდე დღის წინ თბილისში მოხდა. 2 ლუდში 3 100 ლარი - ეს ის თანხაა, რომელიც დუბაიდან ჩამოსულმა ბიზნესმენებმა, თბილისში, სქაი კლუბ „სამყარო შენიაში" გადაიხადეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ მხოლოდ 2 ლუდი შეუკვეთეს, თუმცა გადახდის ქვითარში, შამპანური და ღვინოც აღმოჩნდა.
ალექსანდრე გიორგიძე, რომლის სტუმრებიც აღნიშნული ბიზნესმენები იყვნენ, „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შემთხვევა 20 თებერვალს საღამოს 9 საათზე მოხდა. დუბაიდან ჩამოსული ორი ტურისტი ბიზნესმენი „სქაი ბარში" შეიპატიჟეს. მათ ორი კათხა ლუდი შეუკვეთეს, თუმცა მათ მაგიდასთან მივიდა ორი გოგონა, რომლებმაც შამპანური და ღვინო შეუკვეთეს. ამის შემდეგ გოგონები ქრებიან და ბიზნესმენებთან მოაქვთ ჩეკი სადაც, გადასახდელი თანხის ღირებულება 3 ათას 100 ლარს შეადგენდა.
ტურისტებმა გააპროტესტეს აღნიშნული ჩეკი, თუმცა მენეჯერმა თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში საკრედიტო ბარათის დატოვება მოსთხოვათ. ამის შემდეგ ტურისტები იძულებულები გახდნენ თანხა გადაეხადათ.
გიორგიძე ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ამ ბარში არაერთი ყოფილა და არსებობს თაღლითური სქემა, რომელიც ტურისტების ძარცვას ემსახურება. ის პოლიციამ უკვე დაკითხა და იმედი აქვს, რომ ამ საქმის ირგვლივ გამოძიება რეალურად დაიწყება.
„ჩემი ორი სტუმარი ბარში შეიპატიჟეს, მათ 2 კათხა ლუდი შეუკვეთეს. უცბად მაგიდასთან ორი გოგონა მივიდა და სასმელზე დაპატიჟება შესთავაზეს. მათ უარი უთხრეს. ამის შემდეგ ისინი შამპანურს და ღვინო თავად უკვეთავენ. შემდეგ უცბად ქრებიან. ამის შემდეგ მოდის ჩეკი და ორ კათხა ლუდთან ერთად ამ შამპანურის საფასურიც ჩემს სტუმრებს აწერიათ. ფასი კი 3 ათას 100 ლარს შეადგენს.
„როდესაც მათ ეს თანხა გააპროტესტეს, მაშინ მოსთხოვა მენეჯერმა, რომ საკრედიტო ბარათი დაეტოვებინათ. ამიტომაც იძულებულები გახდნენ, რომ ეს თანხა გადაეხედათ. საქმე აღიძრა და იმედი მაქვს, ეს ტენდენცია, რომელიც ძალიან გახშირდა ჩვენს ქვეყანაში, ოდესმე დასრულდება," - განაცხადა „რეზონანსთან" ალექსანდრე გიორგიძემ.
აღსანიშნავია, რომ ტურისტს თანხა დოლარში გადაახდევინეს, რის გამოც მან კიდევ უფრო იზარალა, რადგან, როგორც ალექსანდრე გიორგიძე განმარტავს, „სქაი კლუბის" ადმინისტრაციამ დუბაიდან ჩამოსულ სტუმრებს გადასახდელი, ისედაც არარეალური თანხა, არსებულ გაცვლით კურსთან შედარებით ბევრად განსხვავებული კალკულაციით უანგარიშეს.
რამდენიმე კვირის წინ „მთავარმა არხმა" ასევე, გაავრცელა ინფორმაცია კლუბ „სქაი ბარის" შესახებ, სადაც, მათი ცნობით, ქვეყანაში ჩამოსულ ვიზიტორებს პრომო გოგონების დახმარებით ძაცვავენ. კერძოდ, პრომო გოგომები უცხოელ ტურისტებს გაცნობის საიტებით ეპატიჟებიან ბარში და უკვეთავენ ისეთ სასმელს, რომელიც 200-დან 1500 ლარამდე ღირს. დაზარალებულები ადგილზე პოლიციას იძახებენ, თუმცა, როგორც იქ მომხვედრილი ადამიანები ამბობენ, ეს ბარი პოლიციის მაღალჩინოსან ეკუთვნის და ამიტომაც მსგავსი ფაქტების გამოძიება არ ხდება.
თბილისის ღამის კლუბებში ამ სექმით ტურისტების ძარცვის ეს შემთხვევები გამონაკლისს არ წარმოადგენს. ჯერ მარტო იანვარში ორი ფაქტი გახმაურდა, სადაც ტურისტებს არანორმალურად დიდი თანხები გადაახდევინეს. თუმცა, არის ისეთი ბარები და კლუბები, სადაც გაძარცვული ტურისტები დუმილს ამჯობინებენ.
იანვარში სტრიპტიზ კლუბში „შავ ვარდში", სადაც ინდოეთიდან ჩამოსული 25 ტურისტი გასართობად შევიდა, მიმტანმა სასმელებში მათ 40 000-ლარიანი ჩეკი გამოუწერა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი, გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის დაცვამ ტურისტებს სიტყვირი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩხუბის დროს ერთი სტუმარი დაშავდა და მას სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა.
ასევე ტურისტები ამბობენ, რომ ისისნი ოთახში ჩაკეტეს და მხოლოდ მაშინ გაათავისუფლეს, როდესაც თანხა გადაიხადეს.
დაზარალებული ტურისტები მთელი ღამის განმავლობაში ვერის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. ინდოეთის მოქალაქეებმა გამოძიებას მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ამ ინციდენტის შესახებ იმ ტურისტული კომპანიის წარმომადგნელბი ჰყვებიან, რომლებმაც საქართველოში სტუმრების ჩამოყვანა უზრუნველყვეს. მათი თქმით, თავდაპირველად, ინდოეთის მოქალაქეები ახვლედიანის ქუჩაზე ერთ-ერთ ინდურ რესტორანში ვახშმობდნენ, რა დროსაც მათ „შავი ვარდის" სარეკლაო ბარათები გადასცეს. ამის შემდეგ, ნაწილმა გართობა სწორედ ამ ღამის კლუბში გადაწყვიტა.
ამ ინციდენტზე, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, ჩადენილი ძალადობით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს, რომელიც კლუბ „შავი ვარდის" მენეჯერია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.