
„თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ სისტემით მოუგო შევარდნაძეს, შემდეგ „ქართულმა ოცნებამ" წინა ხელისუფლებას, ახლა თუ ოპოზიციას რაიმე უნარი გააჩნია, ამჟამინდელ ხელისუფლებას არსებული სისტემით უნდა მოუგოს. შეუძლებელი აქ არაფერია. ამ სისტემით ხელისუფლების შეცვლა ორჯერ მოხდა და ამდენად მესამედაც შესაძლებელია," - ასე აფასებს „რეზონასთან" შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, მისივე აზრით,2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ან წმინდა პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს ან არსებულით, სხვა მოდელს აზრი არ აქვს.
„რეზონანსი": პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალუსტების დასმულ კითხვას მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან ადაკავშირებით უპასუხა, დაველოდოთ გაზაფხულსო...
პაატა ზაქარეიშვილი: სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჭორები დადის და შესაბამისად გამორიცხულიც არაფერია, მგონია, რომ თუ არჩევნების წინ, სამთავორობო ცვლილებების განხორციელებას აპირებენ, დრო უკვე მოვიდა იმიტომ, რომ აწი გაზაფხულიდან წინასაარჩევნო კამპანია რეალურად დაიწყება, ზაფხულში გარკვეული შესვენება იქნება(თუმცა პოლიტიკურად ძალიან ცხელი იქნება) და ამის შემდეგ შემოდგომით გადამწყვეტი შეტევა. ასე რომ, თუ სამთავრობო ცვლილებებს და ახალი პროგრამის შეთავაზებას, ეკონომიკურ ცვლილებებს, განათლების და საპენსიო რეფორმას, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებენ, მაშინ ამას ახალი მთავრობა დასჭირდება, რათა საზოგადოებაში სიახლის მიმართ განცდა შეიტანონ.
არა მგონია, რომ მთავრობაში არსებითად რამე შეიცვალოს იმიტომ, რომ მაინც ყველაფერი გადაწყვეტილია და არსებულსაც შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ახალი მთავრობა გააკეთებს, მაგრამ რომ შეცვლიან, ამით საზოგადოებაში იმ განცდას შეიტანენ, თითქოს რაღაც ახალი მოძრაობები დაიწყეს. ასე რომ, მთავრობის ცვლილება მოსალოდნელია, მაგრამ როდის, ეს არ ვიცი.
„რ": ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ ოლქებში საერთო მაჟორიტარები წარადგინონ, ვანო მერაბიშვილიც წინასაარჩევნოდ აქტიურობას აპირებს, ოპოზიციის ლიდერთა ნაწილისთვის მერაბიშვილთან მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა მიუღებელია. თქვენი აზრით, ხომ არ ჩაშლის ამ ინიციატივას მისი ფაქტორი?
პ.ზ: თუ ოპოზიცია მყარია და ერთობაში მდგრადია, არა მგონია მერაბიშვილმა რამე შეცვალოს. იგი ვერც ოპოზიციის კონფიგურაციას და ვერც განწყობას და პოზიციებს ვერ შეცვლის, მაგრამ თუ ვინმე ამბობს, რომ მერაბიშვილთან ერთად არ დაჯდება, რატომ არ დაჯდება? მან მოიხადა სასჯელი.
ჩემთვის იგი როგორც ფიგურა, როგორც პოლიტიკოსი მიუღებელია, მაგრამ კანონის წინაშე იგი სუფთაა, მას საზოგადოებამ სახელმწიფოს სახელით მიუსაჯა, მან მოიხადა, ამიტომ თუ ოპოზიცია ამას ამბობს და თავის თავს პოლიტიკოსებად თვლიან, მაშინ თავს კითხვა უნდა დაუსვან, რა არის კანონის უზენაესობა? თუ ხელისუფლებაში მოვლენ და აპირებენ, რომ კანონის უზენაესობით სახელმწიფო მართონ, მაშინ მერაბიშვილთან მოლაპარაკებებზე რატომ არ დაჯდებიან? მან კანონის სახით სასჯელი მოიხადა.
მორალური პასუხისმგებლობა სხვაა, მერაბიშვილის მორალური პასუხისმგებლობა დადგება თუ არა ეს არჩევნებზე გამოჩნდება, მოსახლეობა რამდენად მისცემს ხმას, ან არა, მაგრამ მას სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოხდილი აქვს.
ჩემთვის მისი პოლიტკა 2012 წლამდე ყოვლად მიუღებელი იყო, დღეს ქვეყნის პრობლემა მერაბიშვილი კი არა „ქართული ოცნებაა". „ნაციონალური მოძრაობა" პრობლემა იყო 2012 წლამდე, ახლა „ქართული ოცნებაა" პრობლემა, შემდეგ ვინც ხელისუფლებაში მოვა და ისევ ასე მოიქცევა, ის იქნება პრობლემა, ანუ არჩევნები არსებული ხელისუფლების შესაფასებლად ტარდება, გასამყარებლად და დასატოვებლად, ან გასაშვებად, დღეს ლაპარაკი შევარდნაძეზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე", მერაბიშვილზე და საბჭოთა კავშირზე მიუღებელია,რადგან დღეს ისინი ძლიერები არ არიან, დღეს ძლიერი „ქართული ოცნებაა", არჩევნების წინ არსებულ ვითარებაზე საუბრობენ, თუ კარგია კარგს ლაპარაკობენ თუ ცუდია ცუდს, როგორც კი სხვა თემაზე პროვოცირება ხდება „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.
„რ": ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს განაგრძობს, როგორ ფიქრობთ რამდენად შედგება შეთანხმება ამ ფორმატით?
პ.ზ.: მთავრობა იქითკენ მიდის, რომ როგორც ჩანს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება, დროს წელავს, რათა სხვა ვარიანტები მინიმუმზე დაიყვანოს, ისე იქცევა თითქოს მოლაპარაკებებისთვის მზადაა. არ მგონია, რომ რამეს მიაღწიონ, ჩემი აზრით მნიშვნელობა არ აქვს მთავრობა ერთიან ოპოზიციას დაელაპარაკება თუ ცალცალკე, მთავარია შედეგი პროპორციული სისტემა იყოს.
სხავ შემთხვევა თუ გინდა 149/1-ზე იყოს, პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, ან სრულად პროპორციული სისტემა უნდა იყოს, ან არსებული სისტემა, თუ ოპოზიციას შნო და უნარი გააჩნია, ამ სისტემით უნდა მოუგოს ხელისუფლებას, „თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ სისტემით მოუგო შევარდნაძეს, შემდეგ „ქართულმა ოცნებამ" წინა ხელისუფლებას, ახლა თუ ოპოზიციას რაიმე უნარი გააჩნია,ამაჯამინდელ ხელისუფლებას არსებული სისტემით უნდა მოუგოს, ეს საკმაოდ შესაძლებელი ვარიანტია, შეუძლებელი აქ არაფერია. ამ სისტემით ხელისუფლების შეცვლა ორჯერ მოხდა და ამდენად მესამედაც შესაძლებელია.