
თბილისის მერის, „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის შემოთავაზებას საარჩევნო სისტემაზე მორიგი შეხვედრის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობა" არ იღებს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „რეზონანსს" უთხრა, თუკი ხელისუფლება სერიოზული წინადადებებით შემოვა, მხარეთა შორის მოლაპარაკება განახლდება.
კალაძის განცხადებით, რამდენიმე პარტიამ შეხვედრის სურვილი გამოთქვა და ხელისუფლება მზად არის შეხვდეს ყველას, როგორც ცალკეულ პარტიებს, ისე გაერთიანებულ ოპოზიციასაც. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიღწევა მოკლე დროში უნდა მოხდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი გახდება.
თუკი შეთანხმება ვერ შედგება ოპოზიციასთან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება.
„მგონია, რომ იტყუებიან, რადგან მხოლოდ ორი პარტია შეხვდა და საერთო პოზიცია გადასცა. არაფერი შეიცვლება და აზრი არ აქვს სეპარატულ შეხვედრებს. თუ სერიოზული წინადადებებით შემოვლენ, პარტიები გადავწყვეტთ, ვის შევხდვეთ და როგორ.
„როგორ შეიძლება რაუნდის გამართვა, როდესაც თვითონ ჩაშალეს?! პირველი ის, რომ რეალისტური წინადადადება არ შემოუთავაზებიათ და შეგნებულად არ უნდოდათ მოლაპარაკების გაგრძელება. ახლა კი დროის გაწელვის რეჟიმში არიან. მეორე კი, - პირდაპირ მომლაპარაკებელი დაიჭირეს.
„საჯაროდ უნდა განაცხადონ რა წინადადებებით შემოდიან მოლაპარაკებაში, ხელისუფლებამ უნდა გვითხრას რას გვთავაზობს და არის თუ არა ეს მისაღები ოპოზიციისათვის," - თქვა გოცირიძემ.
ცნობისათვის, გასულ კვირას „გირჩის" წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ. იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ თალაკვაძე მას „დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის თაობაზე" სასაუბროდ შეხვდა და მისი მოსაზრებები მოისმინა.
შეგახსენებთ, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრის შესახებ განცხადება კახა კალაძემ 18 თებერვალს გააკეთა, რამაც პრაქტიკულად ოპოზიციური სპექტრის დაყოფა გამოიწვია. ხელისუფლების წარმომადგენელმა ოპოზიციას ახალი წინადადება შესთავაზა, კერძოდ, - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მოლაპარაკება შესაძლოა არა ერთიან ფორმატში, არამედ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებით გაგრძელდეს, რამაც საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკების ფორმატი პრაქტიკულად შეცვალა.
კალაძის ეს წინადადება არ მიიღო „ევროპულმა საქართველომ". მაშინ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „რეზონანსს" უთხრა, რომ არცერთი სერიოზული ოპოზიციური ძალა ამ წინადადებას არ მიიღებს, რადგან ხელისუფლების მიზანია ოპოზიცია დაყოს. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს," მან „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების განახლების მზადყოფნა გამოხატა. ამის შესახებ „რეზონანსს" პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ განუცხადა.