ლარმა სწრაფი გამყარება დაიწყო. შემოდგომის დიდი გაუფასურებისა და ანტირეკორდების შემდეგ, ეროვნული ბანკის ნაბიჯები რომ შედეგს გაზაფხულის დასაწყისიდან გამოიღებდა, იმთავითვე ამბობდნენ ცვლილებების ავტორები და სპეციალისტებიც. ახლა მთავარია, როდემდე გაგრძელდება გამყარება, რა ნიშნულს მიაღწევს ეროვნული ვალუტა და როგორ აისახება ეს გაძვირებულ პროდუქციაზე.
ბოლო რამდენიმე დღეა ლარი "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში თვალში საცემად მყარდება. გუშინ დილიდან ვაჭრობა 2.8260-ით დაიწყო, 16:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8063-ის ნიშნულზე იყო, შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში 2.81-საც გადასცდა, მაგრამ დღის ბოლოს ისევ 2.80-ზე დასტაბილურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური ღირებულება 2.8079 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა მისი მიმართაც იუმჯობესებს პოზიციებს და ამჟამად 1 ევრო 3.0370 ლარი ღირს მაშინ, როცა სულ რამდენიმე დღის წინ 3.10-ის ფარგლებში ტრიალებდა.
ფაქტია ლარმა გამყარება დაიწყო, თუმცა რა ფაქტორებითაა განპირობებული ეს, არის თუ არა ეროვნული ბანკის მიერ შემოდგომაზე გატარებული ღონისძიებების შედეგი (რეფინანსირების განაკვეთის რამდენჯერმე ზრდა) და რა შედეგი ექნება მის ნაბიჯებს ბაზრისათვის. ,,ბიზნეს-რეზონანსმა” ამ კითხვებით, ფინანსიტებს და სხადასხვა სფეროს სპეციალისტებს მიმართა.
საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ლია ელიავა ,,ბიზნეს-რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ გამყარება დროებითია და რეალურად, ლარის კურსის სტაბილურობას ჩვენ ვერასდროს ვეღირსებიც, რაც არის მუდმივი სტრესი მოსახლეობისთვისა და ეკონომიკისთვის.
“პირველი რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ლარის გამყარება არის დროებითი მოვლენა. ჩვეულებრივ, როგორც ბოლო წლების გამოცდილება ცხადყოფს, ასეთი გამყარების შემდეგ იწყება მკვეთრი ვარდნა, რაც არის კომერციული ბანკების სავალუტო აქტივობის შენელების მაჩვენებელი. ახლა ეკონომიკა ზოგადად არის შენელებული, როგორც ბიზნეს პროცესები აჩვენებს და იმიტომ მყარდება ლარიც, მაგრ5ამ ეს დიდხანს არ გასტანს. პატარა სავალუტო რყევის შედეგად ან კომერციული ბანკების აქტივობის ზრდის შედეგად შეიძლება ლარი ისევ მკვეთრად დავარდეს, როგორც ადრე მომხდარა.
ლარის კურსის გამყარება არანაირად არ გამოიწვევს ფასების დონის შემცირებას. მოსახლეობას თუ შეეძლო თავისი შემოსავალი გაეზომა დოლარის კურსით ახლა გამყარებული ლარის პირობებში, მათი საზომი დოლარში არის შემცირებული, ხოლო ვისც შემოსავალი დოლარში აქვს, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები თანხა ექნებათ ხელთ იმისთვის, რომ გაუმკლავდნენ გაზრდილ ფასებს.
სავალუტო ბაზრის ასეთი რყევა ნამდვილად არ არის მისასალმებელი. უპრიანი იქნებოდა კურსი საერთოდ რომ არ მერყეობდეს, იყოს თუნდაც ამჟამინდელ ნიშულზე, მაგრამ სტაბილურად, არც გამყარების და არც გაუფასურების მიმართულებით. სხვა შემთხვევაში ეს ყოველთვის არის დარტყმა ეკონომიკაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ჩემი ვარაუდით ბოლო წლების ტენდენცია გაგრძელდება, ლარის კურსის სტაბილურობას ჩვენ ვერასდროს ვეღირსებით, რაც არის მუდმივი სტრესი ჩვეი მოქალაქეებისთვის”, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ელიავამ.
არასტაბილური ბაზრის გამო, ლარის გამყარების მყისიერ ასახვას, პროდუქციის ფასზე, არც დისტრიბუტრები ვარაუდოებენ.
კომპანია ,,დუს” დამფუძნებელი, დავით გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ სტაბილურობა სამი თვე მაინც უნდა გაგრძელდეს, რომ ბაზარზე ასახვა და ფასების შემცირება მოჰყვეს.
,,მოკლევადიან პერსპექტივაში ჯერ არაფერი შეიცვლება, მაგრამ სამი თვის განმავლობაში თუ ლარი უფრო გამყარდა ან თუნდაც ეს ნიშნული შეინარჩუნა, რა თქმა უნდა, დაიკლებს ფასები. სხვაგვარად ცვლილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია“, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს” დავით გოგიჩაიშვილმა.
უფრო სკეპტიკურად უყურებს პროცესს, ფინანსისტი, დავით წიქარიძე. მისი აზრით, ეკონომიკური ფაქტორები კი არა, ბიუჯეტიდან სახსრების მითვისება აუფასურებდა ლარს.
“ლარის გამყარების მიზეზი ის არის, რომ დღგ აღარ გააქვთ და შეჩერდა ფულის პარვა ბიუჯეტიდან. მომავალში ყველაფერი დასტაბილურდება თუ შეაჩერეს ფულის გაქრობა ბიუჯეტიდან, მაგრამ თუ პირიქით მოხდა, უარესი იქნება. რამდენიც უნდა ვისაუბროთ ეკონომიკური ტერმინებით ფუნდამენტურ ფაქტორებზე, გაუფასურების მიზეზი შარშან მხოლოდ ეს იყო.
რეალურად მონატარული პოლიტიკის გამკაცრებას აქვს დადებითი გავლენა, მაგრამ რომ ვთქვა ეს საქართველოს პირობებში არის გადამწყვეტი, არ იქნება სწორი. რეფინანსირების განაკვეთის მატება მაშინ მოქმედებს, როცა დაკრედიტება მაღალ დონეზეა და რაღაც კეთდება ქვეყანაშო. ამ სიტუაციაში არ მგონია ამის ბრალი იყოს, უბრალოდ, მგონია, რომ ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა შეწყვდა. როგორც ჩანს, ვიღაც შედარებით ჭკვიანმა ურჩიათ, რომ საარჩევნოდ, უპრიანი არ იქნებოდა იქნებოდა იმავე ტემპით თანხების გაცემა და დროებით შეაჩერეს კიდეც", - განუცხადა ფინანსისტმა ,, ბიზნეს-რეზონასს”.
თუკი ლარი ასეთი ტემპით გააგრძელებს გამყარებას, 1-2 დღეში 2.80-ს ჩამოსაცდება და მალე 2,75-კენ აიღებს გეზს.