ელზა პაპოშვილი
24.02.2020

„საუკუნის ძარცვა“ და ბიუჯეტიდან გამქრალი მილიონები. ვინ აგებს პასუხს იმ სქემაზე, რომლის მეშვეობითაც 60–კაციანი ჯგუფი ქვეყნის ბიუჯეტს ისე ძარცვავდა, რომ ვერავინ მიხვდა. მასშტაბური ფინანსური სკანდალი რამდენიმე თვის წინ გასკდა, როდესაც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 100-დან 270 მილიონამდე მითვისების საქმეზე 62  ბიზნესმენი დააკავა, ხოლო 102 ადამიანზე საქმეა აღძრული. აქედან 11 საერთოდ ძებნაშია, რომლებმაც ქვეყნის დატოვება მოასწრეს.  

მედიაში სულ უფრო აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა ამ სკანდალურ სქემას ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანის სკამი შეეწიროს და ის უახლოვეს მომავალში თანამდებობიდან გადააყენონ. ამის ეჭვი ოპოზიციას მას შემდეგ კიდევ უფრო გაუღრმავდა, რაც  მინისტრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა. 

არსებული ინფორმაციით კი ბიუჯეტიდან 100 მილიონის მოპარვის საქმეზე  სუსი ყოფილ მთავარ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზეც გავიდა, რომელიც „საუკუნის ძარცვის“ სქემის ავტორად სახელდება. ასევე საუბარი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილზე უჩა მამაცაშვილზეც არის. თუმცა, როგორც ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ჟურნაალისტებთან საუბრისას აცხადებს, ეს გვარები მას მხოლოდ მედიიდან ესმის და გამოძიების მასალებში ისინი არ ფიგურირებენ. 

საუბარია დამატებითი გადასახადის ჩათვლების ორგანიზებაზე. დანაშაულებრივი სისტემა ორი მიმართულებით მოქმედებდა. პირველ შემთხვევაში ხდებოდა ყალბი ექსპორტი, რის სანაცვლოდაც იმპორტირებული საქონლი დღგ იქვითებოდა. მეორე მიმართულება კი უფრო თავხედური იყო. კერძოდ, კარგად ორგანიზებულმა ჰაკერებმა შეაღწიეს შემოსავლების სამსახურის კომპიუტერებში და კომპანიებს ხელოვნურად დაარიცხეს ათობით მილიონი ლარის აქტივი. თითქოს სახელმწიფოს კომპანიების ვალი ჰქონდა.

ამ ამბებზე 9 სს საქმეა აღძრული. თავიდან მცირე ბიზნესის წარმომადგენლები დაიბარეს დაკითხვაზე, თუმცა მასშტაბი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მათ ფარცხალაძეს დაადეს ხელი. 

რაც შეეხება თაღლითურ სქემას, ის შემდეგნაირად მოქმედებდა: კონკრეტული დანიშნულებისთვის, იქმნება ახალი კომპანიები, რომლის სახელზეც მზადდება ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, მოგვიანებით ამ კომპანიებზე დღგ-ს გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით თანხა ირიცხება, საქმის დასრულების შემდეგ ეს კომპანიები ქრება, ფული კი კონკრეტულ პირებზე ნაწილდება. მაგალითისთვის „ფრეგოს“ დამფუძნებლის დაკავების საქმე გამოდგება.  ამ შემთხვევაში საუბარია აზერბაიჯანიდან შემოტანილი საწვავის განბაჟებაზე და დღგ-ს გადასახადზე, საიდანაც ბიუჯეტში უნდა შესულიყო მილიონობით ლარი.

დაპუტატი ლევან გოგიჩაიშვილისთვის კი წარმოუდგენელია, რომ 500 ადამიანი „სახელმწიფოს ისე უსრულებდა“, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერაფერი გაიგო. 

„დღგ-ს სკანდალი, რომლის მიჩქმალვასაც ცდილობს ხელისუფლება, აჩვენებს ორ რამეს, პირველი - სისტემა მოშალეს ხელოვნურად, რომ ეშოვათ ფული. ეს არის კლასიკური კორუფციული სქემა, სადაც სავარაუდოდ, ძალიან მაღალი თანამდებობის პირებმა ან მათთან დაახლოებულმა ადამიანებმა მათი ინფორმირებით და თვალის დახუჭვის საშუალებით ბიუჯეტს დააკარგვინეს მინიმუმ 150 მილიონ ლარზე მეტი. ადამიანების ჯგუფმა შეძლო 150 მილიონ ლარამდე თანხის ქვეყნის ბიუჯეტიდან გატანა.

სასჯელს იხდიან კომპანიების წარმომადგენლები, ჩვენ რომ დავინტერესდით ამ კომპანიების შესახებ, დაახლოებით 500 ადამიანამდეა ჩართული და 500 ადამიანი ისე „უსრულებდა“,  ბოდიში ამ სიტყვისთვის, სახელმწიფოს, რომ ამის შესახებ ვერ გაიგო ვერც სუს- მა, რომელსაც ყველგან აგენტურა ჰყავს თავის „ოდეეერით“, ვერც ფინანსურმა პოლიციამ, ვერც ფინანსთა სამინისტრომ, ხომ ხედავდნენ ამ ოპერაციას, საბუთები, ყველაფერი ელექტრონულად ისახება. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ კომპანიის წარმომადგენლები არიან მხილებული.“ 

დეპუტატი ლევან კობერიძე კი აცხადებს, რომ საქმე უკვე 100 მილიონზე მეტი  თანხის მოპარვას ეხება. მისი თქმით, დაუშვებელია, რომ კონკრეტული მაღალჩინოსნების დახმარების გარეშე მსგავსი დონის აფიორა და ბიუჯეტის ამ დონეზე ძარცვა მოხდეს. კობერიძე ამბობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ერთ ლარზეც კი ყადაღას ადებენ, ამიტომაც ტყულია იმის მტკიცება, რომ ყველას ეძინა და ბიუჯეტი ასე იძარცვებოდა. 

„ჩვენ გვყავს მატყუარა ფინანსთა მინისტრი. დიდიხანია დღეგეების სქემასთან დაკავშირებით ბიუჯეტიდან  მოპარული თანხა უკვე  100 მილიონს აცდა. ფინანსთა მინისტრის, მისი მოადგილის, გავლენიანი მაღალი თანამდებობის პირების გარეშე და მათი ბრძანების გარეშე ეს სქემა ვერ გამოვიდოდა. 100 მილიონი ადამიანმა სახლში  ისე როგორ უნდა წაიღოს, რომ კაციშვილი მომკითხი არაა. მცირე და საშუალო ბიზნესებს ერთ ლარზეც კი ყადაღა ედებათ.

იტყუება მინისტრი როდესაც ამბობს, რომ ამ ბიზნესმენების ქონებაა დაყადაღებული. ამით ჩვენს მოსახლეობას ვერაფერი ხეირი ვერ ექნება. ეს ქონება შეიძლება 50 წელი იყოს დაყადაღებული. ხალხს 100 მილიონი ფული მოპარეს და მისი უკან დმბრუნებელი არავინ არ არის.

ხალხი ამ ადამიანებს სათანადო პასუხს მოსთხოვს. 200 მილიონზე მეტია მოპარული და იმიტომ არ მოდის მაჭავარიანი,  ეშინია, რა თქვას?!“- აცხადებს კობერიძე.  

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თქმით კი  დღგ-ს თაღლითობის საქმეზე 62 ადამიანია დაკავებული, რომელთა შორისაც უმრავლესობა ყოფილი საჯარო მოხელეები, მათ შორის პროკურატურისა და შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები არიან.

როგორც მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში  პარლამენტში გასულ წელს განაცხადა,  უწყების მოქმედი თანამშრომლების მიმართ კითხვები არ არსებობს. მისივე თქმით, დაკავებულთა შორის ბიზნესმენები ნაკლებად არიან.

„დღგ-ს თაღლითობის საქმეზე 102 პირის მიმართაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, აქედან პატიმრობაში 62 ადამიანი იმყოფება.

ძალიან მცდარადაა წარმოჩენილი აზრი, რომ ბიზნესმენები არიან დაკავებულები. მინდა გითხრათ, რომ ძნელია ამ 62 ადამიანისთვის ბიზნესმენის დარქმევა. ბევრი მათგანი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ყოფილი თანამშრომლები არიან, მათ შორის შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, მეტსაც გეტყვით, პროკურატურის. ასევე არის რამდენიმე კვაზი ბიზნესმენი, რომელიც რეალურად არც არასდროს ყოფილა ბიზნესმენი და წარსულში სხვადასხვა თაღლითობაში მონაწილეობდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ჯამში, დაახლოებით 123 მილიონის ღირებულების ქონებაა დაყადაღებული საქმის ფარგლებში, ამოღებულია 700 ათასი ლარის ძვირფასეულობა, ავტომობილები, ოქრო, 6.3 მილიონის საწვავი.

მინისტრის თქმით, ამ მასშტაბის მსგავს თაღლითობასთან მომავალში ადგილი აღარ უნდა გვქონდეს და დიდი ინვესტირებაა გასაკეთებელი კომპიუტერულ პროგრამებში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×