
წლევანდელ ზამთარში მოსახლეობას ხარჯი, წინა წლის ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით, 90-150 ლარის ფარგლებში გაეზარდა. ტოტალური სიძვირის პირობებში მოსახლეობას გამოზამთრება ძალიან გაუჭირდა. ლარის გაუფასურების გამო ათასობით ოჯახი საქართველოში საკვებზე მოთხოვნასაც ვერ იკმაყოფილებს. ხალხი ამბობს, რომ გათბობაც კი შეზღუდეს, რომ ეკონომია გაეწიათ.
მოსახლეობის განწყობას იზიარებენ ეკონომისტებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ სურსათის გარდა, გაძვირებულია მომსახურების თითქმის ყველა სეგმენტი. მართალია, კომუნალური გადასახადები არ გაზრდილა, მაგრამ ხარჯი იმდენად დიდია, რომ მოქალაქეებს გადასახადის გადახდის შესაძლებლობაც არ აქვთ.
,,ყველაზე მწვავე, ხარჯიანი, მძიმედ გადასატანი ზამთარი”, - ასე აფასებს მიმდინარე სეზონს ფინანსისტი რამაზ გერლიანი, რომელიც პრობლემას ლარის გაუფასურებას და ინფლაციური პროცესების გაღრმავებას უკავშირებს.
,,წლევანდელ ზამთარში ხალხს ცხოვრება უფრო გაუძვირდა, რადგან ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი იყო. ფასმა ყველაფერზე მოიმატა, ხოლო შემოსავალი არ გაზრდილა. ხალხს თანხის დაზოგვის შესაძლებლობა არ აქვს. განსაკუთრებით ქალაქის მცხოვრებლებს უჭირთ, რადგან აქ კომუნალური ხარჯიც მეტია, რაც ინფლაციის ფონზე მძიმედ აისახება ოჯახების მდგომარეობაზე.
ყველაზე მძიმე ზამთარია დაბალშემოსავლიანთათვის, ფაქტობრივად, კვებისა და გადასახადების გადახდის გარდა, ხალხს სხვა ხარჯთან გამკლავება უჭირს, ამას ვერც ახერხებენ. მაღალშემოსავლიანებისთვის ეს ნაკლებად მტკივნეული თემაა, თუმცა მოსახლეობის დაახლოებით 85% დაბალი და საშუალოშემოსავლიანია, რომელსაც ხარჯის ზრდა მძიმედ დააწვათ”, - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" გერლიანი და დასძენს, რომ კომუნალური გადასახადები მომდევნო თვეებში შემცირდება, მაგრამ გაჭირვებული მოსახლეობისთვის არც ეს არის დიდი შეღავათი.
,,ყველაფერი გაძვირებულია, თითქმის ყველა დასახელების სურსათი და მომსახურება, რაც სამომხმარებლო კალათაშია. შარშან დაფიქსირდა საშუალოდ 7%-იანი ინფლაცია, შეიძლება ზოგიერთ პროდუქტზე (განსაკუთრებით არასასურსათოზე) ფასი შენარჩუნდა, მაგრამ გაცილებით მეტად გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტი, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს ხალხს. კომუნალურიც, ტრანსპორტის მომსახურება, მედიკამენტები, საკვები, ყველაფერზე ფასი გაზრდილია და ეს უფრო მძიმედ აღიქმება, ვიდრე 7%-იანი ინფლაციაა. წინა ზამთრისგან განსხვავებით, ოჯახის გაზრდილი ხარჯი 90-დან 150 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის დიდი ტვირთია", - აღნიშნა რამაზ გერლიანმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.
მოხმარების შემცირების ტენდენციაზე აკეთებს აქცენტს ექსპერტი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში პაატა აროშიძე. განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში მოხმარება საუკეთესო შემთხვევაში იგივე დონეზე დარჩა, ხოლო უმეტეს შემთხვევაში აშკარად შემცირდა.
,,სეზონურად მოსახლეობის ხარჯი არაერთგვაროვნად არის გადანაწილებული. ყველაზე მეტი დანახარჯი უწევს დეკემბრის ბოლოს, საახალწლო დღესასწაულიდან გამომდინარე და შობის პერიოდში, ასევე ახალი სასწავლო წლის დასაწყისში და ა.შ. თებერვლის ბოლოდან მარტის ჩათვლით, ხარჯი ალბათ არ შეიცვლება, თუმცა რაც მანმადე გასწია ხალხმა, ბევრისთვის ეს რთულად გასამკლავებელი იყო. გაჭირვების გამო ხალხმა მოხმარება საგრძნობლად შეამცირა. ვისაც კი ვიცნობ ყველა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ხარჯი შეზღუდონ, საკვებსა და ბავშვის მოვლის საშუალებებზე ეს რთულად შესასრულებელია, მაგრამ სადაც კი ამის შესაძლებლობაა, მოხმარებას ამცირებენ. ეს ეხება ხანგძლივი გამოყენების პროდუქციის ყიდვას, როგორიცაა ვთქვათ, საოჯახო ტექნიკა, რაზეც ოჯახები ხშირად ამბობენ უარს.
გარდა ამისა, დასვენების პერიოდიც უმეტესწილად შემცირებულია. თუკი დასასვენებლად, სულ მცირე 2 კვირით მიდიოდა ადამიანი, ახლა 8-10 დღით კმაყოფილდება, თუმცა ხარჯი იგივე უწევს, შესაძლოა, მეტიც. ყველაფერს ლარის გაუფასურებას ვერ მივაწერთ, ზოგ შემთხვევაში, ფასების საყოველთაო ზრდა სხვა გარემო ფაქტორებითაც არის განპირობებული, შეიძლება ეს საერთაშორისო ტენდენციასაც უკავშირდებოდეს, თუმცა ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და საბოლოოდ გაძვირებისკენ მივყავართ.
არის ოჯახები, რომლებიც გარკვეულ გათვლას აკეთებენ - როდის რამდენი ეხარჯებათ. ეს ტვირთი ლარის გავლენით წლიდან წლამდე მძიმდება და ხალხს მუდმივად პრობლემაში უწევს ცხოვრება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" აროშიძემ.
ლარის გაუფასურებამ ბოლო წლების განმავლობაში უმუშევრობა, შემოსავლის შემცირება და ხარჯის ზრდა გამოიწვია. წლევანდელი ზამთრის სეზონს კრიტიკულად აფასებენ მოქალაქეებიც, რომელთა აზრითაც, 2020 წლის ზამთარი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა.
,,ასეთი ზამთარი ჯერ არ ყოფილა. სეზონზე ხარჯი ყველას ეზრდება, მაგრამ ამჯერად ეკონომიის პირობებშიც კი გვიჭირს გადახდა. კომუნალურ გადასახადებში იგივეს ვიხდით, რასაც შარშან, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა ხარჯს ვამცირებთ, საკვებზეც კი ვაკეთებთ ეკონომიას და ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ ვაყენებთ. წელს ორჯერ დამჭირდა გამათბობლის შეკეთება, რამაც დამატებითი პრობლემა შემიქმნა”, - განაცხადა ლია ქალდანი.
ლარის გაუფასურება, როგორც მოქალაქეები ამბობენ, აბსოლუტურად ყველას შეეხო, საშუალო და მაღალ ფენასაც კი, რამაც არასტაბილური გარემო შექმნა. ზოგიერთმა ბიზნესმენმა იმხელა დანაკლისი ნახა, რომ თანამშრომლები შეამცირა.
აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგის ანი სამხარაძის თქმით, წელს განსაკუთრებით გაუჭირდა, რადგან ოჯახის წევრმა სამსახური დაკარგა.
,,ერთ-ერთმა კომპანიამ შეამცირა თანამშრომლები და მათ შორის აღმოჩნდა ჩემი მეუღლეც, ამან ოჯახში კრიტიკული სიტუაცია შექმნა. ჩემი მეუღლეც სამსახურის გარეშე დარჩა. პედაგოგის ხელფასით ვცხოვრობთ, რასაც დევნილების შემწეობის თანხაც ემატება. ზამთარი თითქმის მიილია, მაგრამ ჩვენს მდგომარეობას ვერც ეს შეამსუბუქებს.
მთავრობა უნდა შეეცადოს, რომ ხალხს გასაქცევად არ გაუხდეს საქმე, ისედაც ბევრი წავიდა! ამ ქვეყანაში დარჩენა აღარ მინდა. ასეთი უსამართლობის, კინკლაობისა და უაზრო ლაყბობის შემყურეს რაიმეს გამოსწორების იმედიც კი აღარ მაქვს”, - განაცხადა დევნილმა პედაგოგმა.