თამთა ჩაჩანიძე
25.02.2020

„პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ინდივიდუალური შეხვედრა მმართველ პარტიასთან ჯერ არ გაუმართავს. როგორც „ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაზემ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, შეხვედრა ჯერ დანიშნულიც არ არის.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ პროტესტის ნიშნად ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შეწყვიტა. ამის შემდეგ „ოცნების" გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ საარჩევნოო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ახალი მოდელი წამოაყენა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე გადავა.

ამ მოდელის ფარგლებში უკვე გაიმართა ერთი შეხვედრა პოლიტიკურ გაერთიანებ „გირჩთან". მათ გარდა, ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრის სურვილი გამოთქვეს „თავისუფალმა საქართველომ" და „პატრიოტთა ალიანსმა".

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე რაიმე შეთანხმების მიღწევის ვადა თებერვლის ბოლო, რადგან თებერვლის შემდეგ შესაბამისი ცვლილების კანონმდებლობაში ასახვა ფიზიკურად ვერ მოესწრება.

თევდორაძე კი ამბობს, რომ „ოცნებასა" და „პატრიოტთა ალიანსს" შორის შეხვედრა ჯერ დაგეგმილიც არაა.

„ჯერ არ ყოფილა შეხვედრა, ეს ასე დაგეგმილი არაა. ახლა დაგეგმილია შეხვედრა ამერიკის ელჩთან, მას ქალბატონი ირმა ინაშვილი შეხვდება.

„ჩვენ ხელისუფლებასთან შეხვედრის მზაობა გამოვაცხადეთ. ისურვებს ხელისუფლება - შევხვდებით, არ ისურვებს - არ შევხვდებით. ჩვენ კარს არ ვამტვრევთ, ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს წამოყენებული - 135/15 მოდელი და არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა შევთავაზეთ, თუ გაითვალისწინებენ - კარგია.

„თუ ხელისუფლებაც მზადაა შესახვედრად, მაშინ შესათანხმებია დეტალებია და რაიმე დროზე შევთანხმდებით, არადა დრო ბევრი არაა. თუ მოხდება, უნდა მოხდეს ამ დღეებში", -განაცხადა თევდორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×