
მილანში და მის მახლობელ ქალაქებში კორონავირუსის გამო პანიკაა - ხალხი მასიურად ყიდულობს პირველადი საჭიროების პროდუქტებს და მედიკამენტებს და ცდილობს, თუ უკიდურესი საჭიროება არ იქნება, ქუჩაში არ გავიდეს. ამის შესახებ „რეზონანსს" მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ესაუბრა. მისი ცნობით, კორონავირუსის პირველი შემთხვევა მილანთან მდებარე პატარა ქალაქ ლოდთან დაფიქსირდა, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ ერთი თვის წინ იქ მასშტაბური სარკინიგზო ავარია მოხდა.
„წითელი ზონა" ჩემგან დაახლოებით ათ კილომეტრშია, ანუ მილანიდან ლოდის (პატარა ქალაქის) მიმართულებით. ხალხი საფრთხის წინაშე დგას. ქალაქში თითქმის არავინ დადის. ყველა სახლშია, სკოლასა და უნივერსიტეტებზე უკვე ზედმეტია საუბარი," - უთხრა „რეზონანსს" მილანში მცხოვრებლმა ქართველმა.
მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პანიკის გამო, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მაღაზიებში პროდუქტებს, ხოლო აფთიაქებში მედიკამენტებსა და შესაბამის აღჭურვილობას.
„სამედიცინო ნიღბები, სპირტი, გელი სპეციალურად ხელებისთვის, სახისთვის ქალაქში არ არის, რადგან ხალხმა ყველაფერი იყიდა. ქალაქი პანიკაშია. ვისაც აუცილებელი საქმე აქვს, მხოლოდ ის გადის გარეთ.
„დაახლოებით ერთი თვის წინ ლოდში ავარია მოხდა - მატარებელი გადატრიალდა და იმ პერიოდიც მატარებელიც ჭირდა. თუ რაღაც ხდება, ხალხმა თვითონ უნდა გამოიძახოს სპეციალური სამსახური, რომ მოვიდნენ, შეამოწმონ. შენ თვითონ ვერ წახვალ, რადგან დაზღვეული არავინ არაა. ჰოსპიტალში უკვე ბევრი ადამიანია მოთავსებული.
„საქართველოში, როგორც მაცნობეს, ისეთი ინფორმაციაა, თითქოს მაღაზიებში არაფერი არაა, პროდუქტებს ვგულისხმობ. იყო ასეთი ფაქტები - როდესაც ეს პანიკა დაიწყო, ძალიან ბევრი პროდუქტი მიჰქონდათ. მაღაზიებში პროდუქტები, რა თქმა უნდა არის და ამის დეფიციტი არ შეინიშნება.
„სპირტი, ნიღბებები, სპეციალური გელი არ არის, რადგან ყველაფერი იყიდეს. რომ ჰკითხო როდის იქნება, ამაზე არ აქვთ პასუხი. ქალაქში ზოგი ნიღბით დადის, ზოგი უნიღბოდ. შეიჩნევა, რომ ხალხი ხელთათამანსაც იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ არ ცივა.
„ტრანსპორტში რომ შედიან, ეშინიათ რაიმე ინფექცია არ აიკიდონ. ინფორმაცია ვრცელია, მაგრამ მაინც გაურკვევლობაა. ხალხმა არ იცის საიდან გადადის ეს ვირუსი. მოძრაობა, მანქანების რაოდენობა შემცირებულია," - აღნიშნა მან.
ცნობისათვის, იტალიაში კორონავირუსი 229 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 7 ადამიანი. ჩრდილოეთ რეგიონებში - ლომბარდიასა და ვენეტოში დაახლოებით 100 000 ადამიანი სამოგზაურო და სხვა შეზღუდვები აქვს დაწესებული. იტალიაში ამჟამად ცდილობენ „ნულოვანი პაციენტის" აღმოჩენას, რომლიდანაც ქვეყანაში ვირუსი გავრცელდა.