
„ევროსაბჭოს ასეთი მაგალითი რამდენჯერმე ჰქონდა. მათ შეუძლიათ სხდომა როგორც მასპინძელ ქვეყანაში, ისე სტრასბურგში ჩაატარონ, ეს უბრალოდ მასპინძელ ქვეყანასა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებების საგანია", - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელიც მაისშია დაგეგმილი, თბილისში არ ჩატარდეს.
ზალკალიანმა ჟურნალისტებს ჟენევაში განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას 26 თებერვალს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღებენ. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარების ადგილად თბილისის გარდა სტრასბურგიც მოიაზრება.
კაკაჩია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მინისტერიალის სხვაგან ჩატარება არსებული რისკებიდან გამომდინარე სურს.
„ასეთი შესაძლებლობა რა თქმა უნდა არსებობს, როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს ასეთი მაგალითი რამდენჯერმე ჰქონდა, მათ შეუძლიათ სხდომა როგორც მასპინძელ ქვეყანაში, ისე სტრასბურგში ჩაატარონ, ეს უბრალოდ მასპინძელ ქვეყანასა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებების საგანია, რაც ალბათ ზუსტად ახლა ხდება სტრასბურგში.
„ის რსკები, რაც ამ შეხვედრასთან კავშირში იყო, რომ რუსეთის დელეგაციაც მონაწილეობას მიიღებდა, ეტყობა კარგად ვერ გათვალეს და ახლა უფრო შიდა პოლიტიკურ სიტუაციას რომ შეხედეს, ალბათ მიხვდნენ, რომ ამან შესაძლოა ქვეყანაში გარკვეული ექსცესები გამოიწვიოს, მით უმეტეს, რომ უამრავი განცხადება გაკეთდა როგორც პოლიტიკური პარტიებიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებიდან და აქედან გამომდინარე ალბათ ცდილობენ, რომ გამოსავალი მონახონ, თუ არასასურველი სცენარისგან თავის არიდება როგორ შეიძლება.
„თუმცა, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და მაინცდამაინც სასურველი არაა, რომ სხდომა სხვაგან ჩატარდეს.ასევე არაა გამორიცხული, რომ ორგანიზაციის ლიდერებთან ერთად სხვა ალტერნატივაზეც მოილაპარაკონ," - განაცხადა კაკაჩიამ.
საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ დელეგაციას არ უხელმძღვანელებს რუსეთისა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თუმცა დელეგაციის შემადგენლობაში შესაძლოა აღმოჩნდნენ პირები, რომელთაც დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ - ანუ, საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
თავის დროზე ამ საკითხის კომენტირებისას პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველომ შესაძლოა დროებით შეაჩეროს ამ კანონის მოქმედება რუსული დელეგაციის წევრებისათვის.