
„მგონია, რომ აქამდეც პრაგმატულად, აზრობრივად და ისტერიკის გარეშე უნდა ეკეთებინათ საქმე", - ასე აფასებს „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე „მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ოლქებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები უკვე შეარჩია.
„მთავარის" ინფორმაციით, თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და ზაალ უდუმაშვილი.
კობალაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატებს კონსულტაციების შედეგად აზრის ჩამოყალიბებისთანავე დაასახელებს.
„მათ „საქმენი საგმირონიას" საზოგადოება და ამომრჩეველი შეაფასებს. ჩემი შეფასება ამ შემთხვევაში არაფრის მომცემია. ვნახოთ... მგონია, რომ აქამდეც პრაგმატულად, აზრობრივად და ისტერიკის გარეშე უნდა ეკეთებინათ საქმე, დანარჩენი ვნახოთ.
„ქართული ოცნება" თავის კანდიდატებს როცა წარადგენს, ამას თქვენ გაიგებთ. მე არ მახასიათებს პროცესების გასწრება. ვნახოთ. კონსულტაციების შემდგომ, როცა აზრი ჩამოყალიბდება, ეგრევე წარადგენენ. არ მგონია, რომ რომ ეს საჩქარო თემა იყოს, რომ არიქა და ვინმეს მივედევნოთ", - განაცხადა კობალაძემ.
ოპოზიციაში მანამდე აცხადებენ, რომ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებს ოფიციალურად 4 აპრილს დაგეგმილ აქციაზე დაასახელებენ.