კორონავირუსის გამო ქვეყანამ შეიძლება ასეულობით მილიონი დოლარი დაკარგოს
რეზონანსი
25.02.2020

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველომ ორ ქვეყანასთან (ჩინეთთან და ირანთან) ავიამიმოსვლა შეაჩერა. უკვე რამდენიმე თვეა, მთელი მსოფლიო საფრთხის ქვეშაა და გამონაკლისი არც საქართველოა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჩინეთიდან და ირანიდან უამრავი ვიზიტორი ჰყავდა, უკვე შეიძლება თქმა, რომ ფრენის აკრძალვა ქართულ ტურიზმე ცუდად აისახება.

იმ შემთხვევაში თუ, ვირუსი კონტროლს არ დაექვემდებარება, შესაძლოა, ავიამიმოსვლის შეჩერება სხვა ქვეყნებთანაც მოგვიწიოს, პირველი მათ შორის კორეა და იტალია, სადაც ვირუსი ჩინეთისა და ირანის შემდეგ, ყველაზე მეტად მძვინვარებს. 

აზიის ქვეყნებში გამგზავრებისგან ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე თავს იკავებს. ამიტომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში ჩამოვიდნენ, ანუ ამ მხრივ შესაძლოა, დადებითი შედეგი მივიღოთ. გავრცელებული საშიში ვირუსის გამო, მოგზაურები აზიაში ვიზიტისგან თავს შეიკავებენ, ხოლო მათი ალტერნატივა საქართველო და ეგვიპტე იქნება. 

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი მარინა მეტრეველი ამბობს, რომ ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ქვეყანის საზღვრებზე კონტროლი მაქსიმალურადაა გასაძლიერებელი.

“არც ოფიციალური და არც არაოფიცილური სტატისტიკა არ არის ცნობილი რა შედეგები მოჰყვა ვირუსის მასშტაბურ გავრცელებას, მაგრამ ტურისზმის მხრივ ჩავარდნა მთელს მსოფლიოში იქნება. ახლა მოგზაურობა დიდი რისკია. ჩვენი რამდენიმე პროფესორი კონფერენციაზე უნდა წასულიყო იტალიაში და არ წავიდა. არაკეთილგონიერება იქნებოდა ახლა გამგზავრება. თავისთავად ცხადია, ეპიდემია არა მხოლოდ ტურიზმზე, არამედ მსოფლიო ეკონომიკაზე ძალიან უარყოფით გავლენას იქონიებს. 

უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. ქვეყანაში ჯანდაცვის სფერო მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს. თავისთავად ცხადია, პირველი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს გამშვებ პუნქტებში. როდესაც შემოდიან ტურისტები, ეკითხებიან გაიარა თუ არა რაიმე შემოწმება, ყველა ამბობს, რომ ტემპერატურა გაუზომეს. იქაც ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობის გარეშე ხვდებიან და ისე უშვებენ საზღვრის გადაკვეთის პუნქტზე. ეს თუ არ მოწესრიგდა, შეიძლება იმხელა ზიანი მოგვიტანოს, რომ ტურისტული სექტორის სუბსიდირება მოგვიწიოს. 

საჭიროა კომპლექსური ღონისძიებები, რომ ქვეყანაში ვირუსმა ვერ შემოაღწიოს. ამის შემდეგ იქნება ქვეყანა ტურისტებისთვის საინტერესო და ეკონომიკაც აღმოჩნდება მძიმე მდგომარეობაში. 

ტურისტები საქართველოში ჩამოვლენ, ეს შესაძლებლობა და ალბათობა არის ძალიან მაღალი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ გამშვებ პუნქტებზე მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა ზომა. დაავადება არ უნდა შემოგვეპაროს ქვეყანაში”, - განუცხადა “რეზონანსს” მარინა მეტრეველმა. 

ქართველები სულ უფრო მეტად ერიდებიან "დავიუსებულ ქვეყნებში" გამგზავრებას. პოპულარული ტურისტული მიმართულებებიდან ყოველთვის გამორჩეული იტალიისკენ არაერთმა ქართველებმა ბილეთი უკვე გააუქმა. აზიაში წასვლა კი ყველა გაურბის.

კომპანია “ფრი თრეველში” ადასტურებენ, რომ ქართველების მიერ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში დაჯავშნილი ავიაბილეთები გაუქმებულია. 

“მიმდინარე პერიოდში აქტიური ტურისტული მიმოსვლა აღარ არის. საერთოდ, ახლა ყველაზე ცუდი პერიოდია. ჩვენს კომპანიას, ძირითადად, ზაფხულის პერიოდში ჰყავს ჯგუფები, რომელიც ჯერჯერობით არ გაუქმებულა, მაგრამ პარტნიორებიც გარანტიას ვერ გვაძლევენ, ანუ ზუსტად არ ვიცით, ეს ჯგუფები საქართველოში ჩამოვლენ თუ – არა. თუ ასე ვიმსჯელებთ, შესაძლოა, რომ გაუქმდეს კიდეც. დღევანდელ და ხვალინდელ ნაკადებზე ვერ ვსაუბრობთ, რადგან ჩვენ გარანტირებული ჯგუფები არ გვყოლია. 

ზოგადად რისკი გაიზარდა. თუ კორონავირუსის გავრცელებამ უფრო ფართო მასშტაბები მიიღო, რა თქმა უნდა, მძიმე შედეგები იქნება. სიცოცხლის უსაფრთხოებაზე უფროა საუბარი, ტურიზმი უკვე მეორეხარისხოვანია. 

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ფაქტობრივად ყველა ავიაბილეთი, რაც ჩვენი კომპანიის მეშვეობით ქართველებმა აზიისკენ შეიძინეს, გაუქმდა. არა მარტო ჩინეთზე და ირანზეა საუბარი, აქ სხვა აღმოსავლური ქვეყნებიც იგულისხმება. გიდასტურებთ, რომ ბიზნესვიზიტები გადაიდო ან საერთოდ გაუქმდა”, - განუცხადეს “რეზონანსს” “ფრი თრეველში”. 

ტურიზმი ამჟამად საფრთხის წინაშეა, რამაც შესაძლოა, გარკვეული სახის ეკონომიკური პრობლემები გამოიწვიოს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოში ყველაზე ხშირად იმ ქვეყნებიდან ჩამოდიან, სადაც ახლა საშიში ვითარებაა. ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ პრობლემა, უახლოეს თვეებში არ მოგვარდა საქართველოში უმრავი პრობლემა წარმოიქმნება. 

“მხოლოდ ჩინეთიდან პირდაპირი საჰაერო ფრენების აკრძალვით, წინა წლის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, შესაძლოა, დავკარგოთ დაახლოებით 13-14 ათასი ვიზიტორი, რაც ფინანსურ გამოსახულებაში თითო ჩინელი ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული 2253 ლარის გათვალისწინებით, დაახლოებით 30 მილიონს უდრის.

ირანიდან საქართველომ მომდევნო 4 თვის განამავლობაში მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვით შეიძლება 26-27 ათასი ვიზიტორი დაკარგოს, რაც ამ კატეგორიის ვიზიტორების საშუალო ხარჯის - 2715 აშშ დოლარის გათვალისწინებით, დამატებით დაახლოებით 70 მილიონი ლარის  დანაკლის ნიშნავს.

ჯამში, მხოლოდ ჩინეთის და ირანის მხოლოდ 4 თვის და მხოლოდ საჰაერო გზით დაბლოკვის შემთხვევაში, საქართველო ტურიზმიდან ვერ მიიღებს მოსალოდნელ 100 მილიონ ლარს. ერთი შეხედვით ეს 100 მილიონი არც ისე ბევრია, მაგრამ ტურიზმის სექტორისთვის ეს შემოსავლების დაახლოებით 10%-იან კლებას ნიშნავს, მთლიანად ეკონომიკისთვის კი ტვირთი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დაბალია.

სამწუხაროდ ეს არის ფასი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიღოს, მხოლოდ სიფრთხილის გამოჩენისთვის. იმედს ვიტოვებ ამ სიას არ შეემატება იტალიაც, სადაც ვირუსი ბოლოს დროს შედარებით გააქტიურდა ან საქართველოს რომელიმე მოსაზღვრე მეზობელი ქვეყანაც. მოკლედ საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ“, - აღნიშნავს ჭარაია.

საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი ელენე ოთარაშვილი ადასტურებს, რომ კორონავირუსი უკვე აისახა ტურისტულ ნაკადებზე. ამას სექტორი უკვე გრძნობს.

„კორონავირუსი, სამწუხაროდ, უკვე აისახა ტურისტულ ნაკადებზე და ამას გრძნობს ყველა ტურისტული ობიექტი და სააგენტო, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სექტორი დაძლევს ამ გამოწვევას და სეზონს შევხვდებით ძლიერად“, - აღნიშნა ელენე ოთარაშვილმა.

“რეზონანსი” ტურიზმის დეპარტამენტისგან, ოფიციალური პოიზციის გაგებას ცდილობდა, თუმცა დეპარტამენტში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ “ორ დღეში ამას ვერ ვიტყვით. ირანთან ფრენები ახლახანს აიკრძალა”. დეპარტამენტში დაგვპირდნენ, რომ კითხევბზე პასუხს წერილობით მოგვაწვდიდნენ, თუმცა მათგან ვერავითარი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×