ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯეს
ელზა პაპოშვილი
25.02.2020

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.   

გადაწყვეტილებას დარბაზში კალანდიას ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა, რამდენიმე პირს მოსამართლემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია  მისი შვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს. როგორც კალანდიას ოჯახი „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, ისინი სამართლებრივ ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ. 

თენგიზ კალანდიას თქმით, ზაზა სარალიძემ წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე და მან განაცხადა, რომ 15 წელზე ნაკლები არ ასცდებოდა.  

კალანდია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მას საქართველოში უკვე აღარაფრის იმედი არ აქვს და მისი შვილი პოლიტიკურ ინტერესებს შესწირეს. კალანდია ამბობს, რომ ამ საქმეზე განაჩენის გამოტანაში დიდი წვლილი „ევროპულ საქართველოსა“ და პირადად პარლამენტის დროებითი კომისიის წევრ სერგი კაპანაძეს მიუძღვის, რომელიც მოწმეებზე პირდაპირ ზეწოლას ახორციელებდა. 

„რა თქმა უნდა, საქართველოში არაფრის იმედი აღარ მაქვს. ჩემი შვილი პოლიტიკურ ინტერესებს შესწირეს. სამართლებრივ ბრძოლას სტრასბურგში გავაგრძელებთ. ჩვენ არც სახელმწიფო გვაქვს, არც სასამართლო, არც პროკურატურა და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყველაფერი განადგურებულია და წყალს აქვს წაღებული. ამ ყველაფერს ან ომი, ან რევოლუცია სჭირდება. არაფერი აღარ გვეშველება.  

„ევროპულმა საქართველომ“ და სერგი კაპანაძემ ყველაფერი ქნეს, რომ ჩემი შვილი ციხეში მოხვედრილიყო.  მოწმეებს აიძულებდა, რომ ტარი ეხსენებინათ. არ არის დღეს სახელმწიფო. სახელწიფო რომ იქნება, ესენი ყველა პასუხს აგებენ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ეშინიათ, რომ ისევ მიტინგები არ დაიწყოს.

„მე რომ ვეჩხუბე სარალიძეს, მერე გამოვიდა და თქვა - 15 წელზე მეტს არ მისცემენო. შეთანხმებულები იყვნენ და ყველაფერი უკვე იცოდა“, - განაცხადა თენგიზ კალანდიამ „რეზონანსთან“ 

ჟურნალისტებთან სასამართლო გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს მსჯავრდებულის ბაბუა, ყოფილი პარლამენტარი ბორის კაკუბავა.

„ეს ყველაფერი იყო გაკეთებული, რომ როგორმე მიეღწიათ იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება უვარგისი, უპრინციპო  და მშიშარაა. ეს ანახეს ქვეყანას. „ნაცებმა“ ქვეყანას ანახეს, რომ ეს ხელისუფლება ნამდვილად არ არის ღირსი, საქართველოს სათავეში იყოს. სულ მალე დადგება თავისუფლების დრო. ყველაფერი კარგად იქნება,“ - განაცხადა ბორის კაკუბავამ.

მიხეილ კალანდიას ძმამ ლუკა კალანდიამ კი განაცხადა, რომ ოჯახი დანებებას არ აპირებს და ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტები ცდილობდნენ, რომ ზაზა სარალიძისგან კომენტარი მიეღოთ, თუმცა მან სასამართლო ისე დატოვა, რომ განცხადების გაკეთება არ ისურვა. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტან ლონდარიძე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ინტერესებს იცავს, „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ზაზა სარალიძისთვის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან ემოციური იყო, ამიტომაც კომენტარის გაკეთება ვეღარ შეძლო. 

ადვოკატი ამბობს, რომ სარალიძემ გადაწყვიტა ცოტა ხნით  მედიასთან კომენტარი აღარ გააკეთოს. 

„ზაზა სარალიძისთვის ეს ბოლო პერიოდი ძალიან მძიმე აღმოჩნდა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მისი მისამართით ამდენი ცილისწამებლური განცხადება კეთდება. ალბათ ძალიან ცოტამ თუ ვიცით, როგორი ემოციით უყურებს ის ყველაფერ ამას იმიტომ, რომ მას ჰყავს (მეორე) შვილი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს. 

„სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის იმდენად მძიმე იყო, რომ საერთოდ საუბარიც კი უჭირდა. ამიტომ ის გარკვეული პერიოდი ეცდება, რომ მედიასთან კომენტარები არ გააკეთოს. არ მოგვეცა საშუალება, რომ მასთან გვესაუბრა. დარბაზში კი ვიყავით, მაგრამ ის ამ თემაზე ვერ საუბრობდა“, - განაცხადა ლონდარიძემ.

ადვოკატი ამბობს, რომ კალანდიას ოჯახს უფლება აქვს გადაწყვეტილება გაასაჩივროს და ამაში,  რა თქმა უნდა, მათ ხელს ვერავინ შეუშლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×