
„პერსონალიებს დიდი მნიშვნელობა არ ექნებათ, ეს არის პარტიათა და რესურსების ბრძოლა. ასე რომ, კონკრეტული კანდიდატების შანსებზე საუბარი ნაადრევია“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ოპოზიციის შეთანხმებას მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით.
„მთავარი არხის“ ცნობით, გაერთიანებული ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებზე თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე უკვე შეთანხმდა. მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და ზაალ უდუმაშვილი.
ოპოზიციის განცხადებით, ის ხელისუფლებას, რომელიც არ აპირებს საარჩევნო სისტემის შეცვლას, ერთიანი ძალებით, არსებული სისტემის პირობებშიც დაამარცხებს.
„თუ შეთანხმდნენ, ეს შეთანხმება მიღწეული იქნება ყველა პარტიასთან ერთად და არ მგონია, რომ რაიმე გაურკვევლობას ჰქონდეს ადგილი. ლოგიკურია, რომ უფრო მეტად წარმოდგენილი არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები. ხმამაღალი განცხადებებიც, რომ ამ პირობებშიც დაამარცხებენ ხელისუფლებას, კუნთების თამაშიც ბევრი გვინახავს. ვნახოთ, რას მოიტანს ეს არჩევნები.
„რაც შეეხება შანსებს, ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ პერსონალიებს დიდი მნიშვნელობა არ ექნებათ. ეს არის პარტიათა ბრძოლა, რესურსების ბრძოლა. ასე რომ, კონკრეტული კანდიდატების შანსებზე საუბარი ნაადრევია, ვინც არ უნდა იყოს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.